logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ზურაბ ჟვანიას საქმეში მნიშვნელოვანი სიახლეებია
- +

6 აპრილი. 2016. 12:33


„იყო იდეური განსხვავებები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია კოალიცია „ქართული ოცნების" დაშლაზე საუბრისას აცხადებს. „რეპორტიორთან" ინტერვიუში ჟვანია კოალიციის დაშლის მიზეზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ბუნებრივ მოვლენასთან.


საქართველოს პარლამენტის წევრი გოგლა ჟვანია:


- ბუნებრივია, იყო იდეური განსხვავებები. ეს აშკარაა. ყველაფერი საჯაროდ ხდებოდა. სანამ დაშლაზე ვისაუბრებ, მინდა ისტორია გავიხსენო, თუ რისთვის შეიქმნა კოალიცია. 2012 წელს ერთადერთი მიზანი იყო, რომ ქვეყნიდან მოგვეშორებინა მანიაკალური რეჟიმი, რომელიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა. შეიქმნა ფართო კოალიცია, რათა ეს მიზანი მიღწეულიყო. მიზანი მიღწეულია. დღეს უკვე დადგა ახალი პოლიტიკური რეალობა და ამ პარტიებმა ადგილი უნდა დაიმკვიდრონ პოლიტიკურ სივრცეში თავის შეხედულებებით, პოლიტიკური მიმართულებების მიხედვით და შესაბამისად, ასე უნდა დაჯგუფდნენ. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი არის ჯანსაღი და ნორმალური. ეს არ არის მოულოდნელი, არც დრამატული და კოალიციაში შემავალი წევრებისთვის კოალიციის დაშლა მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცოდით, რომ როდისმე აუცილებლად დავიშლებოდით და ეს მოხდა ამ არჩევნების წინ. ეს არის ქვეყნისთვის სასარგებლო პროცესი.

 

- უნდა დარჩნენ თუ არა მინისტრის პოსტებზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები?


- ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი საკითხი. მას აქვს კონკრეტული გეგმები. ეს ადამიანები კონკრეტული პასუხისმგებლობებით არიან აღჭურვილი. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მიზანი, 4-წლიანი გეგმა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მათ შორის ეს არის „რესპუბლიკელების" პასუხისმგებლობაც. თუ პრემიერს მიაჩნია, რომ ეს ადამიანები მთავრობაში საჭირონი არიან, ეს მისი გადასაწყვეტი საკითხია.


- ფიქრობთ, რომ კოალიციიდან გასული პარტიები არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ?


- მგონია, რომ ცოტა გაუჭირდებათ. სწორი იქნება, რომ დაჯგუფდნენ, რაღაც კოალიციები შექმნან და ასეთ შემთხვევაში ნამდვილად გადალახავენ ბარიერს. საკმაოდ საინტერესო პარლამენტი შეიძლება ვიხილოთ. არიან პარტიები, რომლების იდეოლოგიებიც ემთხვევა და სავსებით ნორმალურად მიმაჩნია, რომ ამ პარტიებმა გარკვეული ბლოკები შექმნან. არ მინდა, რომ პოლიტიკურ სივრცეში მარტო „ქართული ოცნება" დარჩეს. ოპოზიციიდან აშკარად შევლენ გარკვეული ძალები პარლამენტში, მაგრამ მინდა, რომ ის ადამიანებიც ვიხილო, რომლებიც ამ წლების მანძილზე ჩვენ გვერდით იყვნენ.


- მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზეც გკითხავთ. რა როლი აქვს საქართველოს ამ პროცესში და არსებობს თუ არა რაიმე საფრთხე ჩვენი ქვეყნის მიმართულებით?


- სომხეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი მეზობლები არიან და მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბუნებრივია, ჩვენი მონაწილეობა ამ პროცესში შეიძლება იყოს მხოლოდ ნეიტრალიტეტი და ხელშეწყობა სამშვიდობო პროცესებისადმი. ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ამ ადამიანებს, რომ გამოიყენონ თბილისი მოლაპარაკებებისთვის. ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი კონფლიქტის დარეგულირებას. არ მჯერა, რომ ეს კონფლიქტი სამხედრო ძალით შეიძლება გადაწყდეს. თუ მოხდა ესკალაცია, ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი და მძიმე შედეგით დამთავრდება როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის. ამან შეიძლება საქართველო და სრულიად რეგიონი ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს.


- ზურაბ ჟვანიას საქმეზე რას იტყვით? აცხადებდით, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიახლე გახდებოდა ცნობილი. არის თუ არა რაიმე წინსვლა ამ მიმართულებით?


- უკვე ველოდი, რომ ეს სიახლეები იქნებოდა. ჯერჯერობით კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვარ. არის რაღაც მნიშვნელოვანი სიახლეები, მაგრამ ამაზე პროკურატურამ უნდა ისაუბროს და არა მე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner