ავტორი სოფო ხუგოიანი
„ქართული ოცნების" დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა კოალიციაში მიმდინარე პროცესების შესახებ და აღნიშნა, რომ ყველა პარტიული სუბიექტის გადაწყვეტილება პატივსაცემია. შეკითხვის საპასუხოდ კი, რომელიც საარჩევნო სიაში მისი მოხვედრის საკითხს შეეხებოდა, განაცხადა, რომ სანამ ცოცხალია, ყოველთვის იქნება ქართულ პოლიტიკაში.
„სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები ქართულ პოლიტიკაში. როდესაც მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შევძელი, პარალელურად პოლიტიკაშიც ვიყავი. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ყოველთვის ვაფიქსირებდი - მსოფლიო ჩემპიონატებზე თუ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ვარ სოხუმელი და როდესაც საქართველოს დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის ფიქსირდებოდა ქალაქი სოხუმი. პოლიტიზებული ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება და შემდეგში - მითუმეტეს. ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები წარმატებული.
კოალიციის გაერთიანება მოხდა იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელიც სრულიად საქართველოს აწუხებდა, უნდა დასრულებულიყო. ეს გამარჯვება ერთობლივად იქნა მოპოვებული და ამის შემდეგ, ვფიქრობ, არ გვყავს ისეთი მონსტრი, რომ ერთმანეთს ამ ბლოკებით ვეპაექროთ. დღეს ყველა პარტიას - არასაპარლამენტო პარტიებსაც და პარლამენტში მყოფებსაც - აქვს თანაბარი შანსი, რომ არჩევნებზე მიიღოს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობის მანდატით იმოქმედოს პარლამენტში. ვფიქრობ, საქართველოში მძაფრი რადიკალური დაპირისპირებები აღარ იქნება. იწყება ახალი ხანა, როდესაც იქნება პაექრობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მკვიდრდება პრობლემებზე საუბრის წესი. ვფიქრობ, ეს მისასალმებელი ფაქტია", - განაცხადა კურტანიძემ.