„დღეს მე გავიცანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პირადი შემადგენლობა. მინდა მოგახსენოთ, რომ იწყება საგამოპძიებო სამსახურის რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური და სამსახური გაძლიერდეს", - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა უფროსმა ლევან გამყრელიძემ სამსახურის თანამშრომლების წინაშე მისი ოფიციალური წარდგენის შემდეგ.
„ამ სფეროში ჩემი 11-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მისი შემდგომი განვითარებისთვის. მაქვს ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა და როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური აღნიშნული უწყების საქმიანობა," - განაცხადა ლევან გამყრელიძემ.
ლევან გამყრელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობას დღეიდან იკავებს. ამ პოსტზე მან გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელიც კარიერას მთავარ პროკურატურაში გააგრძელებს. ლევან გამყრელიძეს მანამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა. მას აგრეთვე საგამოძიებო სამსახურში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს, სადაც ის სხვადასხვა თანამდებობებზე მსახურობდა.