„გოგი თოფაძის განწყობები და დამოკიდებულება ბევრ საკითხთან მიმართებაში სწორია. თუმცა, არის თემები, რომელზეც ბატონი გოგის შეხედულებები და მოსაზრებები კოალიციის საერთო კურსს აცდენილია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს და აქვე აღნიშნავს, რომ გოგი თოფაძესთან დაკავშირებული საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა დადგეს.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, საზოგადოება კოალიციისგან მეტ სტაბილურობას ელის და ასეთი სახის დაპირისპირება საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ გოგი თოფაძეს ქვეყნის წინაშე ბევრი დამსახურება აქვს. მისი განწყობები, დამოკიდებულება ბევრ საკითხთან მიმართებაში სწორია. თუმცა, არის თემები, რომელზეც ბატონი გოგის შეხედულებები და მოსაზრებები კოალიციის საერთო კურსს აცდენილია. ეს მოსაზრებები აცდენილია ზოგადად კოალიციის და არა მხოლოდ „რესპუბლიკელების მოსაზრებებისგან". კი, იქ იყო გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკება, მაგრამ ეს სხვა თემაა. ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ თემა, რომელიც რეალურად შესაფასებელი გვაქვს. თემა, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება. სწორედ ამ თემასთან მიმართებაში, ბატონ გოგის თავისი კომენტარები და შეხედულებები აქვს. ამ საკითხზე, ვფიქრობ, პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება „რესპუბლიკელებისა" და „მრეწველების" დაპირისპირებას, ვფიქრობ, არ არის ლამაზი. მაგრამ, ეს ის თემა არ არის, რომელზეც დღეს ჩვენ ვმსჯელობთ. მიმაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ამ საკითხზე სწორი იყო. მსგავსი ტიპის საკითხები გუნდში უნდა განიხილებოდეს და არა საჯაროდ. ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან, მაშინ, როდესაც საზოგადოება მეტ სტაბილურობას მოელის კოალიციისგან. კოალიციის შიდა განწყობებს ნამდვილად არ ახასიათებს მსგავსი რაღაცები. სამწუხაროდ, არის გამონაკლისი შემთხვევებიც. ასეთია პოლიტიკური ცხოვრება", - განაცხადა ვოლსკიმ.