ავტორი ალა გრიგალაშვილი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს პოზიცია - ამ საკითხზე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების" ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ ისაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად ნეიტრალური, რათა ქვეყანა დამატებითი საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეს. მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიტის ესკალაცია საქართველოსთვის საფრთხეს გააჩენს, რადგან, არ არის გამორიცხული, რომელიმე მხარემ საქართველოს ტერიტორია თავისი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ეს კონფლიქტი არცერთ აქტორს არ უნდა აწყობდეს; არ უნდა აწყობდეს არც თურქეთს და არც რუსეთს, არც დასავლურ ქვეყნებსაც. როგორც ჩანს, ეს კონფლიქტი ირიბი გაგრძელებაა რუსეთ-თურქეთს შორის უკანასკნელი დაპირისპირების... არ მგონია, საუბარი მართებული იყოს იმაზე, რომ თბილისის ფორმატის შექმნა იქნება შედეგიანი. ვფიქრობ, ამის შანსი გვქონდა, მაგრამ უკვე გაშვებულია; საქართველო გამოვიდოდა მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივით, თუ ჩვენთან 90-იან წლებში არ გადაიდგმებოდა ის უგუნური ნაბიჯები, რომელმაც მიგვიყვანა გადატრიალებამდე.
ეფექტური შუამავლის პოზიცია არ იქნება შედეგიანი. თბილისის ფორმატი ვერ შეიქმნება, თუ ამის ნება არ იქნება რუსეთის, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ჯერჯერობით ასეთ სურვილს ვერ ვხედავ. საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია. თუ კონფლიქტი გაგრძელდა და ცხელ ფაზაში გადავიდა, საქართველომ თავის თავზე უნდა იტვირთოს ჰუმანიტარული დახმარება. სხვა მხრივ კი დაჭიროს მკაცრი ნეიტრალიტეტი.
თუ ეს კონფლიქტი გადაიზრდება რეგიონულ კონფლიქტში, ეს აისახება საქართველოზეც. ბუნებრივია, აქ იქნება საფრთხე, რომელიმე მხარემ საქართველოს ტერიტორია თავისი სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს. ეს რასაკვირველია, დამატებით კონფლიქტს გამოიწვევს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცამ ძალადობრივად გაიკვალოს გზა ჩვენს ტერიტორიაზე", - აცხადებს გამსახურდია.