logo_geo
eng_logo
შსს-მ ორი ქართველი აბიტურიენტი აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში წარგზავნა
- +

9 ივნისი. 2017. 18:24



საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში (United States Coast Guard Academy - USCGA), სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე სასწავლებლად ორი კანდიდატი - გ.ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ტვილდიანი და „მომავლის სკოლის" კურსდამთავრებული, სანდრო სტაჟაძე წარგზავნა.


ხელშეკრულების თანახმად, აკადემიის დასრულების შემდეგ, წარგზავნილი კანდიდატები, სულ მცირე, 5 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.


წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა, მათი მომავალი პროფესიის გათვალისწინებით, აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდა. შსს-ს პოლიციის აკადემიის კოორდინაციით, ასევე, ჩატარდა შერჩეული კანდიდატების ნორმატივების გამოცდა, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (Office of Defense Cooperation - ODC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ყოველწლიურად არჩევს კანდიდატებს აშშ-ს სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში წარსაგზავნად. აღსანიშნავია, რომ ამერიკულმა მხარემ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც, USCGA-ში ჩაბარების მსურველთა შესარჩევ პროცესში, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, საქართველოს შს სამინისტრო წელს პირველად ჩაერთო და 2 კანდიდატის წარგზავნის უფლება მოიპოვა.


ქართველი სტუდენტების აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს, მათ შორის, წიგნებითა და სტიპენდიით უზრუნველყოფას, რაც წელიწადში 97 000 აშშ დოლარს შეადგენს, მთლიანად აშშ-ის სანაპირო დაცვა ანაზღაურებს.


აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემია აშშ-ის საუკეთესო სამხედრო აკადემიების ათეულში შედის. 1971 წლიდან საერთაშორისო კადეტები აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში იღებენ უმაღლეს განათლებას, გადიან სამხედრო მომზადებას და ეუფლებიან ლიდერობის უნარებს. აკადემიას აქვს ოთხწლიანი ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია საინჟინრო, მათემატიკურ და სამეცნიერო განათლებაზე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner