logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სააკაშვილის ვერც ერთი დავალება ნიკოლოზ გვარამიამ ვერ შეასრულა...
- +

9 ივნისი. 2017. 20:55



ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აქვე ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

 

„რუსთავი 2"-თან დაკავშირებით დიდი ისტერიკა წუხელ (8 ივნისს) დაიწყო. სადღაც 12-ს აკლდა 24-25 წუთი, როცა ერთ-ერთმა სააგენტომ დაწერა, ნიკოლოზ გვარამია პოსტიდან წავიდაო, ანუ გენდირექტორობიდან გადადგაო!

 

ატყდა გნიასი: ვაი, ვაი, კი არ გადადგა, გააგდესო, თავ-პირი დაამტვრიესო, სულ პანჩური ურტყესო!

 

არაო, დაიწყეს მტკიცება იმანოებმა, ამან, ნიკა გვარამიამ სცემა „რუსთავი 2"-ის მეპატრონესო, ლევან ყარამანაშვილსო, წიხლები ურტყა, წილების გადმოფორმება მოსთხოვა, უარი მიიღო და გაიქცაო!

 

მაიცა, კაცო, გვარამიამ წილების გადმოფორმება ყარამანაშვილს კი არა, მიშა სააკაშვილს მოსთხოვა კატეგორიულად, უკრაინაში დაურეკა და ულტიმატუმი წაუყენა: ან მე, ან ყარამანაშვილებიო. მიშას უთქვამს, მაგ საქმეში ვერ ჩავერევი, ხომ იცი, ბოლო დროს პლურალიზმს ვაწვებიო!

 

ისე, რა მნიშვნელობა აქვს, გვარამია გააგდეს, წავიდა თუ პანჩური ურტყეს? ყველაზე კარგად სიმართლე თამარ ჩერგოლეიშვილმა თქვა: სააკაშვილს არ მოსწონს, რომ ეს ტელევიზია ბოლომდე არ არის მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი და ამის გაკეთებას ცდილობს, ნოდარ მელაძის დანიშვნა საინფორმაციოს უფროსად ნიშნავს იმას, რომ უახლოეს ხანში არხი გარდაიქმნება ბუნკერის ტელევიზიადო.

 

კი, სიმართლეს კი ამბობთ, ქალბატონო თამარ, მაგრამ გამოგიტყდებით, ეს არხი აქამდეც ბუნკერი იყო... თუმცა „გვარამას" რაღაც-რაღაცები გაეპარებოდა ხოლმე და ეს ითვლებოდა პლურალიზმად... პრინციპში, კი არ გაეპარებოდა ხოლმე, ვინც „რუსთავი 2"-ს ტაში დაუკრა, ყველა გვერდით დაიყენა და „სააკა" კიდე მიხვდა, ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიანო. ახლა პოლიტიკური ჯართი რომ ყოველდღე შენს სტუდიაში იყრება და შედეგი ნულის ტოლია, ერთხელაც იფიქრებ, რაში ფლანგავ მილიონებს?

 

მიშას უნდა უფრო მძლავრი იარაღი, მიშას უნდა ისეთი ტელევიზია, რომელიც 3-6 თვეში დაამხობს ხელისუფლებას. ის ჯერ კიდევ 2002-2003 წლებში ბანაობს, ვერ ხვდება, არ უნდა მიხვდეს, რომ უკვე სხვა დროა, იმ ე.წ. რევოლუციიდან თითქმის 14 წელიწადი გავიდა, აღარ გამოდის მაშინდელი მეთოდებით ბრძოლა, ბევრი რამ გაიშიფრა, ტექნოლოგიები განვითარდა, საინფორმაციო ომის სტილი დაიხვეწა. ვეღარ მოატყუებ ადამიანებს, ვეღარ გააცუცურაკებ მოსახლეობას, ყველაფერი ხელისგულზე დევს, ერთი ტელევიზია აღარ კმარა იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივი არეულობა მოაწყო და შემდეგ ხელისუფლებას ულტიმატუმები წაუყენო.

 

კი, იყო რამდენიმე მცდელობა, მაგრამ სააკაშვილის ვერც ერთი დავალება ნიკოლოზ გვარამიამ ვერ შეასრულა - ვერ გამოიყვანა ტელევიზიით მოსახლეობა გარეთ, ვერ დაღვარა სისხლი რუსთაველზე, ვერ გადმოიბირა გავლენიანი პოლიტიკოსები და დარჩა პაატა დავითაიას, ბაჩუკი ქარდავას, გია თორთლაძისა და ელიკო კილაძის ამარა. აღარაფერს ვამბობ მეგი გოცირიძეზე, მაია ორჯონიკიძეზე, ბადრი შუბლაძესა და მარინა ბერიძეზე... ამ უკანასკნელმა, ქალბატონმა მარინამ კიდევ დააბრეხვა შუაღამისას თავისებურად: მე მოვედი, რათა გავარკვიო, რა ხდება ჩემს არხზეო. უნდა დაემატებინა, ასევე, გასარკვევი მაქვს, რა ხდება ჩემ თფილისშიო, მაგრამ თავი შეიკავა.

 

მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის ოცნებებს გაუვიდა ყავლი და ახლა ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს სულიერ, ფიზიკურ თუ პოლიტიკურ კრიზისს. ფაქტობრივად, მას ყველა განუდგა, ვინც კი რაიმეს წარმოადგენდა და დარჩა ნაყარ-ნუყარა ადამიანების გარეშე. აქ ვგულისხმობ პოლიტიკურად არაფრის მაქნის ადამიანებს.

 

და რა გამოუვა სააკაშვილს? არაფერი, „რუსთავი 2"-ში უკვე დაწყებულია ძლიერი ეროზია და ამას ვეღარავინ  შეაჩერებს. გვარამია წავა, დარჩება, გააგდებენ, გამოაგდებენ თუ ყველაფერი ნოდარ მელაძეს დარჩება, შედეგი იქნება ამ „მახინის" საბოლოო დაშლა. მელაძეები, უდუმაშვილები და მათი მეგობრები არიან გარდამავალი პაიკები, ეს პროცესი გახლავთ სააკაშვილის ბოლო ამოსუნთქვა.

 

კიდევ ერთი: გუშინ წავიღადავე, ნიკა გვარამია ზაალ უდუმაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსად ინიშნება-მეთქი. სააგენტოებმა სერიოზული ინფორმაციის სახე მისცეს და გაავრცელეს, ბუნებრივია, ხალხმაც სერიოზულად მიიღო და იყო მთელი დღე სჯა-ბაასი ამ თემაზე. ვიხუმრე, ეს არ არის ნამდვილი ინფორმაცია!

 

დასკვნის მაგიერ: იცით, რა ვერ გავიგე? რატომ ეძახიან „ნაციონალები" ბიძინა ივანიშვილს ხიხოს? როდესაც ადამიანი ყველა რგოლში გამარცხებს, გაფარჩაკებს, პარტიას საკუთარი ხელით გაშლევინებს, ტელევიზიას საკუთარი ხელით ყირაზე გაყენებინებს, ხიხო კი არა, გენიოსია. არ იყო „ნაციონალების" იდეოლოგიურ-პოლიტიკური და დანაშაულებრივი ლაბირინთების ამოშანთვა იოლი საქმე, პროცესი გრძელდება, ცოტა დრო კიდევ არის საჭირო. მოკლედ, არ მოდუნდეთ, ბატონო ბიძინა, მისაფარჩაკებელი ჯერ კიდევ ბევრი დამნაშავეა!" - აცხადებს ზედელაშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner