აზერბაიჯანელი დეპუტატი ელმან ნასიროვი აცხადებს, რომ დადასტურებით არ იცის, მუჰთარლის საქმეზე საქართველოს სპეცსამსახურები თანამშრომლობდნენ თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან. ამის შესახებ ნასიროვმა „პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.
„მე არ გამაჩნია დადასტურებული და ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება და სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ მუჰთარლის საქმეში.
აფგან მუჰთარლი ანტიაზერბაიჯანულ საქმიანობას ეწეოდა, ის მთელი ქსელის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც აზერბაიჯანში ვითარების დესტაბილიზაცია წარმოადგენს. მე ვამბობს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი არა უბრალოდ პარტნიორები, არამედ სტრატეგიული პარტნიორები არიან და მე ვისურვებდი, რომ ამ საქმეში ერთად მდგარიყვნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცველები და სპეცსამსახურები.
ჩვენ მოძმე ერები და სახელმწიფოები ვართ. როგორც გავიგე, საქართველოს ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურები არ თანამშრომლობდნენ ამ საქმეში აზერბბაიჯანთან. მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი ოფიციალური თბილისის პოზიციის მიმართ. მე სხვა შეხედულებები ამასთან მიმართებაში არც გამაჩნია.
ჩემი პოზიცია ასეთია, რომ თუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაჩნდება რამე ორგანიზაცია, ან ქსელი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იმოქმედებს, მაშინ აზერბაიჯანის ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები და სპეცსამსახურები გვერდით დაუდგებიან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. ჩემი პოზიცია ასეთია. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩვენ სტრატეგიული მეგობრები ვართ და როგორ იქცევიან სტრატეგიული პარტნიორები? - ფუნდამენტურ საკითხებში ერთმანეთს მხარს უჭერენ.
ჩვენი მოძმე სახელმწიფო საქართველო ისეთ საკითხში, როგორიცაა მუჰთარლის საქმე, უნდა დაეხმაროს აზერბაიჯანს, ვინაიდან ამ ადამიანის და მისი ქსელის მიზანს არა მარტო აზერბაიჯანში დესტაბილიზაციის შექმნა, არამედ ჩვენს მოძმე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭებაც წარმოადგენს. ჩემთვის ძალიან დასანანი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხში აზერბაიჯანს არ დაეხმარებოდა", - განაცხადა ნასიროვმა.
„პირველის" კითხვაზე, თუ ვინ დგას ამ ადამიანების უკან, დეპუტატმა განაცხადა, რომ მათ გაცილებით ძლიერი ძალები მართავენ, რომლებიც უცხო ქვეყნებში მოქმედებენ. მაგალითისათვის ელმარ ნასიროვმა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „Freedom House" მოიყვანა, რომელიც, მისი თქმით, ყველა ანგარიშში აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ეს ორგანიზაცია, მისი თქმით, სიცრუესა და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის შესახებ, რათა დააკნინოს ეს ქვეყანა მსოფლიო საზოგადოების თვალში.
„პირველის" კითხვაზე, კონკრეტულად ვინ დგას ამ ადამიანების უკან, ვინ მართავს მათ, განაცხადა, რომ კონკრეტული ადამიანის დასახელებისაგან თავს იკავებს, რათა არ დააზარალოს გამოძიების ინტერესები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუჰთარლის საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟურნალისტ აფგან მუჰთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და რაიმე კავშირს აფგან მუჰთარლის საქმესთან კატეგორიულად უარყოფს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუჰთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
აფგან მუჰთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის ამჟამად აზერბაიჯანშია პატიმრობაში. მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად საზღვრის უკანონო კვეთასა და დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანაში ედება.
მუხთარლის ბაქოს საქალაქო სასამართლომ 31 მაისს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე საქართველოს შს სამინისტრომ 30 მაისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ისჯება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით. საქმეზე ქართველმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტის მეუღლე და მისი მეგობრებიც დაკითხეს.