ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულ გიორგი დგებუაძის საქმის პროკურორი დავით ნეფარიძე იმ გარემოებებს განმარტავს, რის გამოც სახელმწიფო ბრალდებამ, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
„აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება უნდა დარჩენილიყო უცვლელად იმ გარემოების გამო, რომ არსებობდა როგორც მისი მიმალვის, ასევე მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, გამომდინარე იქიდან, რომ იგი საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი იყო და საქმეზე დაკითხული მოწმეების უმეტესობა წარმოადგენენ იმ პირებს, რომლებიც მას სამსახურებრივად ემორჩილებოდნენ. თავად ბრალად წარდგენილი დანაშაულიც არის მტკიცებულებათა განადგურების და ფალსიფიკაციის განადგურების მაგალითი. ასევე მითითებული მუხლები, უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე, იმ ფაქტის მხედველობაში მიღებითაც, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში და გამოძიების ეტაპზე გამოცხადებისგან და იყო ძებნილი, არსებობს საფრთხეები", - განაცხადა დავით ნეფარიძემ.
მისი თქმით, არსებობს ასეულობით მოწმე, მათ შორის სპეცრაზმელები, კუდ-ის თანამშრომლები, რომლებიც გარკვეულწილად მონაწილეობდნენ სპეცოპერაციის შემდგომ პერიოდში და მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.
მისივე თქმით, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები და ისინი გამოკვლეული იქნება საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.