logo_geo
eng_logo
პროკურატურა „ბირჟა მაფიას“ ჯგუფის წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის
- +

10 ივნისი. 2017. 15:45


საქართველოს მთავარი პროკურატურა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის. ამის შესახებ „პირველს" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.


საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება.


2017 წლის 9 ივნისს პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა", ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა" ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).


თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დაკავება იმ კლიპს უკავშირდება, სადაც სამართალდამცველები არიან გაშარჟებულები.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner