logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ანტისტალინური პოზიციების გამო თუ ვინმე გასაშვები იყო უნივერსიტეტიდან, პირველი მე ვარ!
- +

6 აპრილი. 2016. 15:23


პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია გორში სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტიდან ლექტორ არინა თავაქარაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, თავაქარაშვილის გათავისუფლება თითქოს ანტისტალინური პოზიციების გამო მოხდა. როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა აღნიშნა, თავაქარაშვილის გათავისუფლების მიზეზი ანტისტალინისტობა ყოფილა.



„ამ უნივერსიტეტში მე ვარ საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე. თუ ანტისტალინური პოზიციების გამო ვინმე გასაშვები იყო, პირველი, ეს მე ვარ. მე ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და ჩემი „სიმპათიები" სტალინისა და მისი სისხლიანი რეჟიმის მიმართ ცნობილია. ანტისტალინისტობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებას არ დავადასტურებ. ასეთ ფაქტს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.პირიქით, იქ საკმაოდ კოლეგიური ატმოსფეროა. მართალია, დისკუსიები მქონია უნივერსიტეტის ხელმძღანელობასთან, მაგრამ ამას რაიმე სახის რეპრესიები არასოდეს მოჰყოლია.

 

 

აქვე ვიტყვი, ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაატარეს კვლევა -რამდენად უჭერს მხარს მოსახლეობა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას. აღმოჩნდა, რომ 60 % მხარს უჭერს. ეს კვლევა სწორედ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს. ასეთი ტიპის კვლევა და საქმიანობა ბევრს შეშურდებოდა. ამ სტუდენტებმა რისკების ფასად მოახერხეს ამ კვლევის ჩატარება. თავად გამოიტანეთ დასკვნა, გაათავისუფლებდა თუ არა ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავაქარაშვილს ანტისტალინური პოზიციების გამო", - განაცხადა მაისაიამ.


რაც შეეხება გათავისუფლებული ლექტორის პოზიციას, არინა თავაქარაშვილის თქმით,  გორის საკრებულოში გაკეთებული განცხადების შემდეგ მას უნივერისტეტში გამართულ თათბირებზეც კი არ იწვევდნენ, სემესტრის დასრულების შემდეგ კი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. საქმე ეხება გასული წლის 2 ოქტომბერის გამართულ საკრებულოს სხდომას, სადაც გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნების საკითხი განიხილებოდა. არინა თავაქარიშვილი ძეგლის დადგმის წინააღმდეგია, მომხრეებს შორის კი იყო სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორიც.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner