ავტორი არმაზ სანებლიძე
დავით სალარიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ახლად იყო გადაყვანილი, როცა 1993 წლის ბოლოს სახელმწიფოს მაშინდელი მეთაურის ედუარდ შევარდნაძის რეკომენდაციით გადაიყვანეს ისეთ სახელმწიფო სტრუქტურაში, რომელიც... არ არსებობდა და რომლის ჩამოყალიბება მას დაავალეს.
ბატონი დავითი იხსენებს:
- 93 წელია, არ არსებობს ასეთი დამოუკიდებელი სამსახური, არც შესაბამისი კანონი არსებობს და არც მატერიალური ბაზა.
- არადა, ამ სტრუქტურის საშუალებით უნდა შეივსოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
- სხვა წყარო აღარ არის, რადგან ცენტრალიზებული სისტემა, როცა საკავშირო ბიუჯეტიდან ხდებოდა რესპუბლიკების ბიუჯეტების შევსება, წარსულს ჩაბარდა. ქვეყანას საკუთარი შესაძლებლობით უნდა გაეტანა თავი.
პირველი, რითიც დავიწყეთ, კანონმდებლობის შექმნა იყო, რადგან მაშინ მთავრობის ერთადერთი დადგენილება მოქმედებდა დამატებითი ღირებულების ერთადერთ გადასახადზე, ისიც დროებითი რეგულაცია.
ბიუჯეტი მტკიცდებოდა ორჯერ (!) და მისი მთელი ოდენობა - 40 მილიონი, არაფერს ყოფნიდა. პენსიები მიზერული იყო.
- რითი შეიძლება აიხსნას ამ ურთულესი საქმის მაინცდამაინც თქვენთვის დაკისრება? არც პროფესიული განათლება გიწყობდათ ხელს, არც სათანადო გამოცდილება გქონდათ.
- როგორც ჩანს, იმით, რომ იმ არეულ დროში, როცა პრაქტიკულად ყველა სფეროში გადამწყვეტი ძალის ფენომენი იყო, ამ ახალი საქმის დაწყებასაც ძალის მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდებოდა. იგი თავად უნდა ჩამოყალიბებულიყო როგორც ძლიერი და ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტი. მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ანუ, როგორც ძალოვან სტრუქტურაში მომუშავე კაცი ამ ახალ სტრუქტურაში გადამიყვანეს.
ჩემს ცხოვრებაში ეს იყო კიდევ ერთი გამოწვევა, როცა ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო.
აქ გადმოსვლას თავიდან იმიტომაც დავთანხმდი, რომ რაღაც ფუნქციები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა, საგადასახადო ინსპექციას გადმოეცა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს (ე.წ. ობეხეესი) ჰქონდა დავალებული, მთლიანად ჩვენ დაგვეკისრა.
- დათანხმდით, მიხვედით, დაიწყეთ მუშაობა.
- პირველი ნაბიჯი კანონმდებლობის შესაქმნელად გადავდგით და ამ საქმეში სერიოზულად ამოგვიდგა მხარში სავალუტო ფონდი. სამწუხაროა, რომ საქართველოში ამ ფონდზე ნეგატიური შთაბეჭდილებაა შექმნილი. ასეთი შეხედულება მცდარია, პრიმიტიული მიდგომაა. მეტსაც გეტყვით, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოში საბაზრო ეკონომიკის პრონციპების დასამკვიდრებლად.
- მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით, რომლებსაც საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები პრინციპულად იცავდა.
- დიახ, განსაკუთრებით, ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე, ვისთანაც ძალიან სერიოზული და საქმიანი კონტაქტები გვქონდა. ბატონმა დავითმა დიდი როლი შეასრულა აღნიშნული კანონმდებლობის სრულყოფაში (ეს მისი სამინისტროს პრიორიტეტი იყო). იგივე უნდა ვთქვა თემურ ბასილიას შესახებ, რომელმაც ნაყოფიერად იმუშავა ამ სამსახურისა და მთლიანად ეკონომიკური ბლოკის საქმიანობის დასახვეწად.
პირველი საგადასახადო კოდექსი მაშინ დამტკიცდა, ამ ფონზე დაიწყო ჩემი საქმიანობა. ამას მოჰყვა მატერიალური ბაზის შექმნა და ყველა იმ დიდი თუ მცირე საკითხის მოგვარება, რომლებიც ნებისმიერ სიახლეს თან სდევს ხოლმე. 1995 წლისთვის, შეიძლება ითქვას, უკვე სავსებით სრულყოფილ სამსახურად ჩამოვყალიბდით.
- და მაინც, უმთავრესი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა იყო.
- როგორც გითხარით, ბიუჯეტი მხოლოდ 40 მილიონი იყო. მიზერული თანხა. მდგომარეობა რთული. წინააღმდეგობა კოლოსალური. გარეთ ავტომატიანი ხალხი. იმ ხალხშია ის ფული, რომელიც გადასახადის სახით ბიუჯეტში უნდა შევიდეს. „მხედრიონმა" გემო გაუგო უშრომელ შემოსავალს და ძირითადი საწარმოო ობიექტები ხელში ჩაიგდო.
მხოლოდ ერთ ეპიზოდს მოგიყვებით, რომელიც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო ნარჩენებთან, წიდასთანაა დაკავშირებული. წლების განმავლობაში წიდა ცარიელ ტერიტორიებზე იყრებოდა, რომელიც შემდგომში ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი გახდა. გადაასწორეს მიწის საფარით, აიგო შენობებიც. ადგილობრივმა ბაზარმა დაიწყო იქ ფუნქციონირება.
მოხდა ისე, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებმა გაიგეს, რომ წიდის გაყიდვით შეიძლებოდა დიდი ფულის შოვნა და დაიწყეს ტერიტორიიდან ამ „წიაღისეულის" ამოთხრა. გაჰქონდათ საზღვარგარეთ, სადაც ვალუტაზე სარფიანად იყიდებოდა. ამ გზით მიღებული შემოსავლიდან აუცილებელი იყო გადასახადის აკრეფა, რაც იქაურ „ბიზნესმენებს" ხელს არ აძლევდა. სწორედ ამის გამო სერიოზულად დავუპირისპირდით „მხედრიონის" ხელმძღვანელობას.
მიიტანეს ეს ამბავი ჯაბა ოოსელიანამდე ბინძური ჭორის სახით, თითქოს გადასახადს კი არ ვითხოვთ, არამედ ფულის გამოძალვა გვინდა. გარჩევა ბოლოს ჯაბასთან მოხდა. პირდაპირ გეტყვით, სახელმწიფო საბჭოსთან ჩემი ძველი ურთიერთობა რომ არა, ჯაბა იოსელიანს შეიძლება „გაეტარებინა" ეს პრობლემა. მაგრამ ამჯერად მოგვისმინა, და, როგორც გონიერი კაცი, მიხვდა, რომ საქმე მართლაც ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის აკრეფას ეხებოდა. ასე ჩავაქრეთ ეს ცეცხლი.
ასეთი თემა ბევრი იყო.
დროც ისეთი გახლდათ, რომ ყველას, ვისაც ფული ჰქონდა, ყველასთან მიესვლებოდა და არც მორიგება გაუჭირდებოდა.
- და მაინც დაძლიეთ სიტუაცია?
- დიახ. 1997 წელს წამოვედი საგადასახადოდან და დავტოვე ბიუჯეტი ერთი მილიარდი ლარის ოდენობით.
მავანი იტყვის, ეს რა არისო? დღევანდელი გადასახედიდან მართლაც ასე ჩანს, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ 1997 წელზე, როცა ერთობლივი პროდუქტი - მშპ - მხოლოდ 7 მილიარდი ლარი იყო (ახლა 25 მილიარდია). მის შესაბამის გადასახადს ვიღებდით. მაგრამ სრულად ვერა, რადგან მაშინ ისეთი მკაცრი კანონმდებლობა, როგორიც დღეს არის, არ არსებობდა. სხვათა შორის, პირველი საგადასახადო პოლიცია, ორასი თანამშრომლის შემადგენლობით ჩვენ შევქმენით.
მოვაგვარეთ ჩვენი ხაზით რუსეთთან ურთიერთობის საკითხი, კერძოდ, საქართველოში დაფუძნებული და რუსეთში მოღვაწე ფირმებიდან გადასახადების აკრეფის პრობლემა, რომელიც დიდი რესურსი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
- მოდით, ისიც ვთქვათ, რომ თქვენი მოღვაწეობის პერიოდში შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება გადასახადებისადმი. გაუგებარი და თითქოს არარსებული მატერიიდან თანდათან ჩვენს აუცილებელ მოვალეობად იქცა.
- ვერ გეტყვით, რომ ოთხ წელიწადში ადამიანების შეგნებაში სრულ გარდატეხას მივაღწიეთ, მაგრამ სერიოზული საფუძველი კი ჩავუყარეთ, ჯერ კანონმდებლობის შექმნით, შემდეგ მისი პროპაგანდით, სპეციალური ლიტერატურის გამოცემითა და გავრცელებით. პირველი აგური ჩვენ დავდეთ.
- გადასახადების შემოსვლის ერთ-ერთი საკითხი ხომ არის ტურიზმი?
- რა თქმა უნდა, არის. მაგრამ იმ პერიოდში არავითარი ტურიზმი არ არსებობდა. სამოქალაქო ომით და ბევრი სხვა მოვლენის გამო გაპარტახებულ ქვეყანაში ტურისტი არ შემოდის. ამაზე ფსონი არც დაგვიდვია.
ახლა სხვა ვითარებაა.
ამბობენ, რომ სქართველოში უკვე 6 მილიონი ტურისტი შემოდის. თუ დავითვლით, რამდენმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი, ეს რიცხვი სწორია. მაგრამ ტურისტად ითვლება ის, ვინც 2-3 და მეტ დღეს დაჰყოფს ქვეყანაში. ამ პრინციპით თუ მივუდგებით, მაშინ 6 მილიონი, როგორც ამბობენ, 2-2,5 მილიონამდე მცირდება. საქართველოს ბიუჯეტის სტრატეგია ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალთანაც არის დაკავშირებული.
ტურიზმის გასავითარებლად პოლიტიკა განზე უნდა გადადო. შეიძლება, მაგალითად, არ მოგწონდეს მოსკოვის ყოფილი მერი ლუჟკოვი, მაგრამ მის შავ სიაში შეტანას და ამ ფაქტის აფიშირებას, რაც ჩვენებმა გააკეთეს, მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლითაც, რბილად რომ ვთქვა, არ ურჩევენ რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლას. ამას კი უეჭველად მოჰყვება რუსეთიდან ნაკადის შემცირება, იმ მილიონებსაც დააკლდება, რომელიც პერსპექტივისთვის გვაქვს ნავარაუდევი.
ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობას მეორე მხარეც აქვს, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მთავარი არა.
რას მივაწეროთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის ჩასვლა სამხრეთ ოსეთში? დე ფაქტო პრეზიდენტს ბიბილოვს მიულოცა არჩევა და უთხრა, რომ თქვენ და ქართველებმა ხელი უნდა მოაწეროთ თავდაუსხმელობის პაქტსო, რასაც რუსეთი უკვე დიდი ხანია, გვეუბნება და, ამასთან, ჩვენს შემხვედრ წინადადებებს არ ეთანხმება.
თუ ევროკავშირსა და რუსეთს ერთი და იგივე მოთხოვნა აქვს, მაშინ რატომ უნდა გავამწვავოთ ჩვენი ურთიერთობა მაინცდამაინც რუსეთთან?! საერთაშორისო პოლიტიკის რომელ რგოლში - ევროკავშირში, რუსეთსა თუ საქართველოში არ არის გარკვეული ეს საკითხი?
როგორც ჩანს, ეს საკითხი ღიად არის დარჩენილი. მაგრამ ასეთი გაურკვევლობა ჩვენ გვაზარალებს, რადგან შედეგად შეიძლება მივიღოთ ემბარგოების დაწესება რუსეთში შესატან ჩვენს პროდუქციაზე, რასაც ერთგვარად თავი დავაღწიეთ, მაგრამ რამაც თავის დროზე კატასტროფულად იმოქმედა ჩვენს ეკონომიკაზე.
- კერძოდ, რას გულისხმობთ, ბატონო დავით?
- 2 მილიარდი დოლარის პროდუქციას ვაწარმოებთ სოფლის მეურნეობაში. ვყიდით 250 მილიონისას, ანუ მხოლოდ 10 პროცენტს. შემოგვაქვს 1,2 მილიარდის პროდუქცია. მათ შორის - ხორბალი, რომელიც ერთი მილიონი ტონა გვჭირდება და ვაწარმოებთ 100 ათას ტონას; ასევე - შაქარი, კარაქი, ხილი და ხორცის 50 პროცენტი.
საექსპორტო პროდუქციის გაზრდის შესაძლებლობა რამდენიმე პოზიციაში გვაქვს. ეს შეიძლება იყოს თხილი, ღვინო, მაგრამ უნიკალური ჯიშის ყურძნით დამზადებული, მინერალური წლები. აქტიური პოზიციები ამით ამოიწურება.
ამ ვითარებაში ეკონომიკური ურთიერთობის დალაგება ყველა ქვეყანასთან პირველი რიგის ამოცანაა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც რუსეთთან საქმის აწყობაა.
არა მგონია, დიდი მიღწევა იყოს, მაგალითად, ჩინეთში გატანილი ჩვენი ღვინის პოტენციალის 250 პროცენტით გაზრდა. აბსოლუტურ ციფრებში თუ გადავიტანთ, გამოვა, სადღაც 70-75 ათას ბოთლამდე. ეს მაშინ, როცა დღეს რუსეთში შეგვაქვს 20-30 მილიონი ბოთლი. უწინ შეგვქონდა 300 მილიონი ბოთლი. მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, ჩაკეტილი საზღვრები და ა.შ.
ჩვენი ღვინის ბაზარი რუსეთია.
დღეს მსოფლიოში 48 მილიარდი ბოთლი იყიდება. ამ საერთო ოდენობიდან მილიარდ-ნახევარს რუსეთი მოიხმარს. ამ მილიარდ-ნახევრისთვის იბრძვიან ღვინის მწარმოებელი ისეთი ტრადიციული ქვეყნები, როგორებიცაა - იტალია, საფრანგეთი, ჩილე და ა.შ. მოკლედ - ყველა. ჩვენ კი რაც გვქონდა, იმასაც ვკარგავთ.
- „მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი"?
- პოლიტიკა პოლიტიკოსებმა აკეთონ, ეკონომიკას პროფესიონალებმა მიხედონ! 10 მილიარდი ლარი საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტის ზღვარი არ არის, მით უფრო, პერსპექტივის გათვალისწინებით: კარგად რომ ვიცხოვროთ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ათჯერ და მეტად უნდა გავზარდოთ.
ქართულ ეკონომიკას ხელს უშლის სატრანსპორტო კოლაფსიც, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, თბილისში უნდა მოგვარდეს. ლოკალური ღონისძიებებით ფონს ვერ გავალთ. ტრანსპორტის ნაკადების საპატრულო პოლიციის საშუალებით რეგულირებამ დრო მოჭამა.
საქართველოში 1 200 300 000 მანქანაა რეგისტრირებული, და ეს მასა პრაქტიკულად თბილისშია თავმოყრილი. დედაქალაქი ამის ამტანი არ არის. არ მინდა, ვინმეს ჭკუის დამრიგებლის როლში გამოვიდე, მაგრამ მგონია, რომ თბილისის შემოვლითი გზის დასრულება გამოათავისუფლებდა ქალაქის შუაზე გამყოფი რკინიგზის ზოლს და ბევრად გააიოლებდა მოძრაობის პრობლემას. მით უფრო, რომ, როგორც ვიცით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის 60 პროცენტი შესრულებულია.
დაწყებული, მაგრამ მიტოვებული სამუშაოების თემები ბევრია. მაგალითად რიყეზე დაგდებული ორი „ტრუბა" გამოდგება, რომელთა შესაფერის ადგილზე გადატანას ამდენი ხანია, თავი ვერ დაადგეს. მე, მაგალითად, შევთავაზებდი ტენდერის გამოცხადებას ასეთი პირობებით: გაძლევთ ერთ ჰექტარ ფართობს ამორჩევით - დიღომში, ნავთლუღში, თემქაზე, მცხეთაში...
- მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, თუნდაც.
- სადღაც ხომ გამოდგება. ტერიტორიას გაძლევთ ერთ ლარად, ამ ნაგებობებსაც - ერთ ლარად, ოღონდ ერთი პირობით - დემონტაჟი და ახალ ადგილზე მონტაჟი თქვენ უნდა უზრუნველყოთ. ამბობენ, რომ არქიტექტორის ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას 10 მილიონი დაჭირდება. ესეც გასათვალისწინებელია, რიყეც გათავისუფლდება და კარგადაც მოეწყობა. თორემ 20 მილიონი ლარის ღირებულების ობიექტი ცდება და მისი შენახვაც ძვირი გვიჯდება. რახან ეკონომიკის სატკივარზე ჩამოვარდა სიტყვა, ეს თემაც ეკონომიკის აქტუალური დეტალია. ქარს ნუ გავატანთ უკვე დახარჯულ სახსრებს.