შევცვლით უკრაინას, ბოლოს მოვუღებთ პუტინს, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავთ, იქით გორასა ძვრას ვუზამთ და ვიხსნით კავკასიას! - აცხადებს უკრაინაში გადახვეწილი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მასშტაბები არასოდეს ჰყოფნიდა, ის ვერასოდეს ეტეოდა ქართულ სივრცეში და ამიტომაც გახლდათ სულ ჰაერში. ამიტომაც იხუმრა ერთხელ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა (თუ არ ვცდები, შალვა ნათელაშვილი იყო), ხუთ თვითმფრინავს რომ დახვდეთ აეროპორტში, ხუთივედან მიხეილ სააკაშვილი ჩამოვაო.
რაღა დაგიმალოთ და... არის მიხაში რაღაც სტალინისეული. ტყუილად არ თქვა ამას წინებზე სანდრა რულოვსმა, ჩემი ქმარი ისეთივე გაქანების პოლიტიკოსია, როგორებიც იყვნენ სტალინი, ბერია და შევარდნაძეო. ვერაფერს იტყვი, ხარისხობრივად ძალიან დიდი განსხვავებებია, შეიძლება სადავო თემაცაა, მაგრამ ფაქტია, საქართველოს მასშტაბებში ვერც ერთი ვერ ჩაეტია.
სტალინს გაუმართლა. ბერიასაც, ასე თუ ისე, გაუმართლა. შევარდნაძეს ნაღდად გაუმართლა... სააკაშვილს ერთი პერიოდი გაუმართლა, 9 წელიწადი მაინც იბაირამა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩაფეხვილ მდგომარეობაში იმყოფება, არც პერსპექტივა ჩანს სახარბიელო.
მაშ, რა ხდება, რის იმედი აქვს ბატონ მიხეილს, როგორ უნდა შეცვალოს უკრაინა, რანაირად უნდა მოუღოს ბოლო პუტინს და „რაფერ" უნდა იხსნას კავკასია? იმედია, აქ მხოლოდ სამ რესპუბლიკაზეა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) საუბარი და უკრაინაში გაქსუებული მსოფლიო მასშტაბის „პოლიტიკოსი" ჩრდილოეთ კავკასიასაც არ გულისხმობს. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა, ჩრდილოელი მოძმეებიც ვიხსნათ რუსეთის კლანჭებიდან, მაგრამ ვფიქრობ, ეს მიხეილის ძალებს აღემატება, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
მახსოვს, 2008 წლის გაზაფხული იდგა. „ნაციონალ" შოთა მალაშხიას დავურეკე ინტერვიუზე, სიტყვა რუსეთის შეიარაღებაზე ჩამოვარდა, თან სიტუაცია დაძაბული იყო, მქონდა ინფორმაცია, რომ სახელისუფლებო წრეებში „ომობანაზე" ფიქრობდნენ. შოთა მეუბნება, დღეს ჩვენ ისეთი შეიარაღება გვაქვს, ისეთი გაწვრთნილი ჯარი გვყავს, თავისუფლად შეგვიძლია, კრემლის თავზე ქართული დროშა ავაფრიალოთო. გამეცინა, ღადაობთ-მეთქი? არაო, რას ვღადაობ, ჩვენი ამერიკელი მეგობრები გვიცოცხლოს ღმერთმაო. ჰო, მაგრამ... არავითარი „მაგრამ", ჩვენ შეგვიძლია, რუსებს ომი მოვუგოთო!
ვაააჰ, ჩემიიი... მოვუგეთ ორიოდე თვეში! ზუსტად აღარ მახსოვს, 10 თუ 11 აგვისტოს ჩავედი დანგრეულ გორში, სოფელ-სოფელ ვიარე, ხალხი ტიროდა, მოხუცი ქალები სახეებს იხოკავდნენ: შვილო, დილაუთენია უწვერულვაშო ბიჭები აატარეს, 2 საათში უკან მორბოდნენ, მარტო წყალსა და დამალვას გვთხოვდნენ, თან ყვიროდნენ, უფროსობამ მიგვატოვაო!
აღარ მინდა ამ თემაზე წერა, ყველამ კარგად იცით, რაც მოხდა და როგორც მოხდა. ხშირად მიდგას თვალწინ, პატრიარქი რომ ჩავიდა ცხინვალში სამღვდელოების წევრებთან ერთად... მახსოვს, როგორ ეყარნენ ჩვენი ბიჭები ქუჩებში უპატრონოდ, ახლოს მისვლაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც გამოიტანეს!
ამბობენ, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებააო... ჩემი აზრით, დღეს ისეთი მცირემასშტაბიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ომიც კომპრომისების ხელოვნება უნდა იყოს. მყარ კედელს რამდენიც გინდა ურტყი თავი, თუ ფიზიკურად ვერ გადარჩები, ეს არ არის გამარჯვება. სასაცილოა, 2008-ში სასტიკად დავმარცხდით, მაგრამ მაინც ვიზეიმეთ, თითქოს მართლაც ავაფრიალეთ კრემლის თავზე ქართული დროშა!
რა შანსი აქვს მიხეილ სააკაშვილს, რომ ჯერ გადაარჩინოს უკრაინა, შემდეგ გაანადგუროს პუტინი და ბოლოს კი იხსნას კავკასია, ის ხომ ფაქტობრივად უჯარო გენერალია? ყვარყვარე თუთაბერი გახსოვთ, ხომ? ჰოდა, ისიც გემახსოვრებათ, რომ ყვარყვარემ გარკვეულ ეტაპებზე ნამდვილად მიაღწია წარმატებებს... თუმცა უტვინობის გამო ბოლომდე ვეღარ გაქაჩა. რაღა შორს წავიდეთ? მიხეილ ყვარყვაროვიჩმაც მიაღწია გარკვეულ ეტაპზე წარმატებას, 9 წელი აჯდა თავზე საქართველოს, მაგრამ როგორც კი ამოვარდა ჩვეული გრაფიკიდან, ეგრევე გადაეშვა შოზოფრენიის ახალ ტალღაში. როგორია მისი გეგმა? რასაკვირველია, თვითონვე ამბობს, რომ ჯერ ხელში უნდა ჩაიგდოს უკრაინის სადავეები, მერე ომი გამოუცხადოს რუსეთს, გაანადგუროს პუტინი, საქართველო-უკრაინის დროშა ააფრიალოს კრემლის თავზე და შემდეგ დაიძრას კავკასიისკენ. ნუ, სცენარია, თვით იოსებ ჯუღაშვილსაც კი შეშურდებოდა. განა სტალინს არ შეეძლო ქართული დროშიც აფრიალება კრემლის თავზე? შეეძლო, მაგრამ ვერ იკადრა, არ იკადრა, ამხელა ქვეყანა ასე დაეჩმორებინა და ყველაფერი პირიქით გააკეთა!
ეეეჰ, რაღა ბევრი გავაგრძელო? ერთი შოვინისტი რუსეთის დედაც, მაგრამ ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს რუსეთი რეალურად კი არა, რუკაზეც არ უნახავთ. დახედე რუკას, მიხეილ ყვარყვაროვიჩ, მანდ წაიტეხეს კისრები ნაპოლეონმა და ჰიტლერმა, ნუ აბოლებ დსთ-ს მოსახლეობას!
გელა ზედელაშვილი