„არ ვიცი, რატომ მომინდა ამ სტატუსის დაწერა, ალბათ იმიტომ, რომ სადღაც უნდა შევჩერდეთ, სადღაც უნდა იყოს ზღვარი სიძულვილსა და სიყვარულს შორის!" - წერს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში.
„მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც არც ნაცობის და არც ქოცობის დროს არ შემიძენია, ბევრად ადრე დაიწყო ჩვენი მეგობრობა, არავინ იცოდა, შემდეგ ვინ სად აღმოჩნდებოდა, ის გენერალი გახდა, მე ჩვეულებრივ ჟურნალისტად დავრჩი, იყო პერიოდები, არ ვკონტაქტობდი, იყო პერიოდი, ხშირად გვიწევდა ურთიერთობა, მე ყოველთვის მიყვარდა და განვიცდიდი მის მარცხსაც და წარმატებასაც, 2012 წლის მერე ის სხვა ბანაკში აღმოჩნდა, მე სხვაგან, ორი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა მის თავს, არავინ იცოდა, სასიკვდილოდ დაჭრილს თუ რამე შანსი ექნებოდა სიცოცხლის, ის ღამე ჯოჯოხეთად მახსენდება, ღამის 12 საათზე მეხივით გაისმა ჩემი ძმის ზარი, ნინო, ლევანი... მერე აღარ მახსოვს, როგორ გავჩნდი საავადმყოფოს ეზოში, მისი ცოლის შეშლილი თვალები - დავიღუპე, ნინა? მისი ძმის ისტერიული ტირილი, უამრავი ხალხი, ნაცნობები, უცნობები, მთავრობის წევრები, ოპოზიციის ლიდერები, ჩემი მტრებიც და მოყვარეებიც, ყველას ერთი ადამიანის სიცოცხლე გვაღელვებდა! ცოტა მოშორებით ერთი, ჩემთვის მტრად მიჩნეული ნაცლიდერი იდგა, ბოლთას სცემდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და არავის ეკონტაქტებოდა, მთელი ღამე ასე მარტო ნერვიულობდა, ჯერ სიძულვილით ვუყურებდი, როგორ გაბედა აქ მოსვლა-თქო, მერე სიბრალულით, მერე თანაგრძნობით და ბოლოს ისიც კი გავიფიქრე, მეგობრობა სცოდნია-თქო და უცებ საერთო ტკივილი გაგვიჩნდა, მე და მას ერთი მეგობრის სიცოცხლე გვადარდებდა, მერე იყო კოშმარული დღეები, აპარატზე შეერთებული ჩვენი მეგობარი და თეთრად ეზოში გათენებული ღამეები, უკვე აღარ მაინტერესებდა ნაცი, ქოცი, ყველა მის სუნთქვას ერთად ვდარაჯობდით, ერთი მორიგი ღამის თენებისას ჩემს გვერდით ახალგაზრდა სიმპათიური გოგო აღმოჩნდა, ათას რამეზე ვსაუბრობდით პოლიტიკის გარდა, გამთენიისას შევიტყვე, რომ ეს გოგო იმ კაცის ცოლი იყო, მე რომ მტრად მივიჩნევდი, შევცბი, მაგრამ ისეთი უშუალო იყო ჩვენი ურთიერთობა, რომ პოლიტიკა სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტი არ აღმოჩნდა! მაშინ მივხვდი, რომ საერთო მომაკვდავმა მეგობარმა დაგვაკავშირა, მერე იყო სოციალურ ქსელში ჩემი შეურაცხყოფა, ჩემი მეგობრებისგან და თანამებრძოლებისგან ნასროლი ტალახი, თუ როგორ და რატომ ვგლოვობდი ჩემს მეგობარს, ესეც ავიტანე, ოღონდაც მას ეცოცხლა, დღეს ყველაფერი კარგადაა, ჩემი მეგობარი ცოცხალი და ჯანმრთელია, თუმცა გულში ისეთ ტკივილს ატარებს, არავის ვუსურვებდი! ის ახლაც სხვა ბანაკშია, მე - ისევ სხვაგან, ჩვენ ახლაც მეგობრები ვართ და მისი მეგობრებს მეც პატივს ვცემ და ისიც პატივს სცემს ჩემს პოლიტიკურ მეგობრებს! არცერთი პარტია არ ღირს იმის ფასად, რომ ურთიერთობა ამის გამო გავაფუჭოთ, მე იმ ღამით ღმერთმა მაჩვენა, რომ სიკვდილი ძალიან ახლოა, სიკვდილი ყველაფერს ანადგურებს და სიცოცხლეში უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ის დაჭრილი მეგობარი პოლიციის გენერალი ლევან გვაზავაა, ის მისი მეგობრის ცოლი კი გივი თარგამაძის მეუღლე გახლდათ. მე ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და მაინც ასე მგონია სწორი! გაუმარჯოს გულწრფელობას და მეგობრობას!" - წერს ჯღარკავა.