„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენელი სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მუსიკალურ ჯგუფ „ბირჟა მაფიას" წევრებთან გასაუბრების მიზნით შევიდა.
როგორც დავით გუმბერიძემ განმარტა, დღევანდელი პროცედურა მოიცავს ბრალდებულებთან გასაუბრებას და მიღებული ინფორმაციის შემდეგ გადაწყდება გამოძიების დაწყების საკითხი.
„ეს არის ფაქტების და გარემოებების დაზუსტება პროკურატურის მიერ, რაც უკავშირდება ბრალდებულების დაკავებას. რა ინფორმაციასაც მოგვაწვდიან ბრალდებულები, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა გუმბერიძემ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულებთან გასაუბრება დასრულდება, გადაწყდება პოლიციელების დაკითხვის საკითხი.
„ჯერ გასაუბრებაც არ ყოფილა მათთან. რაც შეეხება დაკავებულებს, მათთან კითხვები პროკურატურის მხრიდან შეეხება დაკავებას და იმ პრეტენზიებს, რომელსაც ისინი და მათი ადვოკატები აჟღერებენ. შესაბამისად, ჩვენ ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა დავით გუმბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" რეპერები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა", ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა" ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).