„მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტს გააჩნია რისკი, გადაიზარდოს რეგიონულ კონფლიქტში", - ამის შესახებ „გლობალური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ კონფლიქტის ესკალაცია მოხდა, მასში ჩართული აღმოჩნდება სხვადასხვა ქვეყანა. „ეს კი პირდაპირ ურტყამს ჩვენს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას", - აღნიშნა დევდარიანმა.
რაც შეეხება საქართველოს როლს ამ კონფლიქტში, დევდარიანის თქმით, ჩვენი ქვეყნის მიერ შუამავლის ფუნქციის შესრულება არარეალურია.
„არის მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, შუამავლის როლი იკისროს ამ კონფლიქტში, მაგრამ... აქ არის ერთი „მაგრამ"... მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ჩვენ რეგიონში ლიდერის სტატუსი ნელ-ნელა დავკარგეთ. თუ მანამდე სამხრეთ კავკასიაში საქართველო იყო გამორჩეული თავისი დემოკრატიის დონით, პროგრესულობით, პროევროპული აზროვნებით, სააკაშვილმა ეს მონაპოვარი წყალში გადაყარა. ამდენად, დღეს ამ ვითარებაში, საქართველოს შუამავლის ფუქნციის შესრულება, ცოტა არ იყოს, პრეტენზიულად გამოიყურება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, აღვადგინოთ პოზიციები რეგიონში", - განაცხადა დევდარიანმა.