ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, არჩევნების თარიღი ცნობილია და ყველა პარტია საქმეს თავისი დღის წესრიგით შეუდგება.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება წინაასარჩევნო კამპანია, ვფიქრობ, რომ საინტერესო და განსხვავებული იქნება ყველა წინა არჩევნებისგან, რადგან ეს, ფაქტობრივად, პირველი არჩევნებია, როდესაც საარჩევნო პროცესში სიძულვილსა და ნეგატივზე აწყობილი ორპოლუსიანი კონფიგურაცია არ გვაქვს. ბევრი ნეგატივი იქნება, მაგრამ დამახასიათებელია ის, რომ არ იქნება ორპოლუსიანი, ანუ ორი დიდი ცენტრი არ გაკეთდება, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა პოსტსაარჩევნო პერიოდში ნორმალური პროცესის განვითარებას. ამ მანკიერ წრეში ვტრიალებდით - იყო იმედგაცრუება, პროტესტი, მერე დიდი იმედები და ისევ ამ მანკერ წრეზე ვტრიალდებდით. ახლა გვეძლევა შანსი, რომ აქედან გამოვიდეთ და საბოლოო ჯამში, პარლამენტში მივიღოთ 5-6, შეიძლება მეტიც პარტიაც.
კოალიციები უკვე შედგება არა პრინციპით: „ყველა ერთის წინააღმდეგ", არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდში კონკრეტული პოზიტიური დღის წესრიგით. ასე რომ, თუ ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ რაღაც საოცრება არ მოიფიქრა იმისთვის, რომ ისევ უკან დაგვაბრუნონ წარსულში, ამ პროცესში ქვეყანა პოზიტიურ გამოცდილებას შეიძენს და პოლიტიკური ელიტისთვისაც საკმაოდ საინტერესო გამოცდა იქნება, რადგან პოსტსაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების ფორმირებისთვის კოალიციების შექმნის საჭიროება ჯერჯერობით არ გვქონია. ახლა ქვეყანას აქვს შანსი, რომ ეს გამოცდილებაც შეიძინოს. მე ამ ყველაფერს დადებითად ვუყურებ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს ერთი პლუსი აქვს.
„ხელისუფლებას არც უნარი აქვს და არც გადაულახავი სურვილი იმისა, რომ ადმინისტრაციული, სხვა ტიპის სპეცრესურსები მოჭარბებულად გამოიყენოს და ესეც ამ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესს მეტ შანსებს უჩენს. ასე რომ, არის რამდენიმე ფაქტორი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ამ მხრივ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე შეფასებით, დღეს მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ მთლიანად პოლიტიკური ელიტა არის ღრმა კრიზისში, ამომრჩევლისგან დისტანცირებულია.
„ამომრჩეველს არ მოსწონს არც ერთი პოლიტიკური ძალა, რაც აჩენს იმის საფრთხეს, რომ რა ხელისუფლებაც არ უნდა მივიღოთ არჩევნების შედეგად და რაც არ უნდა ჯანსაღი პროცესი იყოს ამ მხრივ, ხელისუფლებას ექნება სუსტი ლეგიტიმაცია, ანუ ის არ იქნება ამომრჩევლის უმრავლესობის არჩეული და შესაბამისად, კითხვის ნიშნები აქ დაისმება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.