თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა გიორგი თავდგირიძემ „პრაიმტაიმთან" ქართულ ჯარში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2016 წელს ბოლოჯერ მოხდება ძველი წესით გაწვევა.
„2016 წელს ბოლოჯერ მოხდება ძველი წესით გაწვევა. თუ არ ვცდები, 1000-მდე წვევამდელზეა მოთხოვნა. ასევე, თავისი გეგმით იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულება და სახელმწიფო დაცვის სამსახური.
ახალი მიდგომით ვაძლიერებთ სარეზერვო სამსახურს, თუმცა დავაზუსტებ, არც სარეზერვო სამსახური იქნება ძველი სახით. ის გაიყოფა სამ ტიპად, სადაც ძირითადი იქნება ორი - არმიის რეზერვი და ტერიტორიული რეზერვი. არმიის რეზერვი იქნება ზუსტად ის, რაც შეიარაღებულ ძალებს სჭირდება, საკადრო ქვედანყოფებს, რომ გაიშალონ ომის საჭიროებიდან გამომდინარე და ასევე, მიიღონ შევსება, როდესაც დანაკარგებს განიცდიან. ის დაკომპლექტებული იქნება იმ ხალხისგან, ვინც საკონტრაქტო სამსახური გაიარა. ტერიტორიული რეზერვის ნიუანსები კი გაიწერება ეროვნული გვარდიის კონცეფციაში. ახლა მზადდება ეს დოკუმენტი... თუ სამხედრო სავალდებულო სამსახური დარჩება, ის კარგი შევსება იქნება ტერიტორიული რეზერვისთვის. ეს იქნება დაახლოებით 3200 კაცი წელიწადში. საერთო რაოდენობაში შეზღუდული არ ვართ. ის დამოკიდებული იქნება ამ მიმართულებით გამოყოფილ თანხებზე. ტერიტორიულ რეზერვში ყველა ადამიანს ექნება საშუალება, იპოვოს საკუთარი ადგილი, რადგან იქ საბრძოლო მიმართულების გარდა, იქნება არასაბრძოლო მიმართულებაც. რეზერვში წასვლა მოხალისეობის პრინციპით იქნება", - ამბობს გიორგი თავდგირიძე.