logo_geo
eng_logo
გარი ვლადიმერაშვილი - მთაწმინდელი „ჯაზმენი“
- +

15 თებერვალი. 2016. 15:16


16 თებერვალს ჯაზის ერთ-ერთ უბადლო შემსრულებელს გარი ვლადიმერაშვილს 85 წელი შეუსრულდებოდა. ვისაც ახსოვს 60-70-იანი წლები, არ შეიძლება, არ ახსოვდეს პიანისტი, მთაწმინდელი ბიჭი, ვის სახელსაც უკავშირებდნენ ჯაზის საუკეთესო შემსრულებლებს თბილისში და იმ დროისთვის და შემდეგაც ქალაქის კოლორიტთა შორის მის სახელსაც პატივისცემით მოიხსენიებდნენ და დღესაც მოიხსენიებენ... 



70-იან წლებში თბილისში კონცერტებს მართავდნენ სახელგანთქმული ჯაზური კოლექტივებიც - პიანისტისა და კომპოზიტორის ხორსტ იანკოვსკის ჯგუფი დასავლეთ გერმანიიდან, ბენი გუდმენის და თედ ჯონს-მელ ლუისის ბიგ-ბენდები შეერთებული შტატებიდან. 



ჯაზი ყოველთვის თბილისელების განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. ამას, ალბათ, ჟანრის იმპროვიზაციული ხასიათი განაპირობებდა - ქართველების ძირითად ეროვნულ თვისებად ხომ სწორედ იმპროვიზატორობა შეიძლება ჩაითვალოს. 



ჰოდა, სამოცდაათიან წლებში ჩვენ უკვე გვყავდა ჯაზის შესანიშნავი შემსრულებლები: მესაყვირე გიორგი გაბისკირია, კომპოზიტორი კონსტანტინე პევზნერი, პიანისტები თენგიზ ჯაიანი, ნიკოლოზ ქაშაქაშვილი, გარი ვლადიმერაშვილი, ბენდ-ლიდერი სოსო ტუღუში, მომღერლები გიული ჩოხელი და ლოლა ხომიანცი - ყველას ვერ ჩამოთვლი. სწორედ გარი გახლდათ ერთ-ერთი მათგანი, ვინც პირველი იდგა ქართული ჯაზის სათავეებთან...


1999 წელს ტრაგიკულად დაიღუპა თავის სახლში ხანძრის შედეგად... მის დაკრძალვას უამრავი ხალხი ესწრებოდა... მახსოვს, ჩემმა უფროსმა მეგობარმა და კოლეგამ ზაზა ბიწაძემ სინანულით თქვა - „აფსუს, წავიდა კარგი მუსიკოსი და ქალაქის კიდევ ერთი კოლორიტი... თუმცა ამ ძირძველმა მთაწმინდელმა გოლოვინსკი ხომ გადაკეტა, ეს ხვედრი ბევრს არ ღირსებია და არც ბევრს ეღირსება!" სხვათაშორის, ჩემს პირად არქივში შემორჩენილია გარის მიერ შესრულებული კომპოზიციების აუდიოჩანაწერები.  იგი გადაღებულია დიმა ბათიაშვილის ფილმში „ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან".


მისი სახე შემორჩენილია სატელევიზიო გადაცემებშიც და ყველგან გარი ვლადიმერაშვილი თავისი მუსიკით და ჯაზური იმპროვიზაციებით აოცებდა მსმენელს.






ამ სტატიის ავტორი, ბატონი ვახტანგ კობაიძე, დღეს თავად გახლავთ იუბილარი. „რეპორტიორი" ულოცავს თავის ერთგულ ავტორს 69-ე იუბილეს, როგორც თავად მას უყვარს ხოლმე თქმა - ჯანი მრთელი და გული მხიარული. იდღეგრძელეთ მრავალჟამიერ, ბატონო ვახტანგ!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner