საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ქართული მხარე „ინტერ-რაოსთან" დავაში საკუთარი პოზიციების დაცვას შეძლებს. ვალიშვილის განცხადებით, საქართველომ საარბიტრაჟო სასამართლოდან შეტყობინება უკვე მიიღო.
„ჩვენი პოზიციების დასაცავად მზად ვართ. „ინტერ-რაოს" „თელასში" ინვესტიცია არ განუხორციელებია და 2016 წელს მოსალოდნელზე მეტი დივიდენდი მიიღო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია? ძლიერი პოზიცია გვაქვს და ვიმედოვნებ, მის დაცვას შევძლებთ", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, კომპანია ითხოვს ელექტროენერგიაზე ტარიფების გაზრდას, ასევე კომპენსაციის გადახდას, რომლის თანხა რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
რუსული სახელმწიფო ენერგოჰოლდინგი „ინტერ-რაო" საქართველოს ხელისუფლებასთან დავის გადაწყვეტას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს. დავის საგანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის თქმაა ტარიფების გაზრდაზე.