გურიის რეგიონში ახალი მავნებლის, აზიური ფაროსანას, საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელებენ.
სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გურიის გუბერნატორი გაეცნენ.
მავნებლის საწინააღმდეგოდ სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში დაახლოებით 48 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და გამოცდილია საქართველოში.
„ახალი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. შეწამვლითი სამუშაოები დღეიდან დაიწყო. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ. სურსათის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია და მოსახლეობას, ფერმერებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რადგან მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად ჩატარება მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასაცავად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად", - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
როგორც გუბერნატორმა განმარტა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი სრულ მზადყოფნაშია. შეწამვლითი სამუშაოებისთვის ჩამოტანილია ყველა საჭირო აპარატურა და მასალები. აღნიშნული სამუშაოები ყველა სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს და იგი არანაირ ზიანს არ აყენებს პირუტყვსა და ფუტკარს. გურიაში ჯამში სულ 12 500 ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლება.
შეწამვლის ღონისძიებების არეალი იმ მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ჩაატარა. მონიტორინგის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგი დამონტაჟდა. შეიქმნა ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მავნებლის გავრცელების შესახებ მონაცემები აისახება. ღონისძიებების ჩატარებისთვის პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდა იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. ჩატარდა აქტიური საინფორმაციო კამპანია ფერმერთა ცნობიერების ამაღლებისთვის.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.