logo_geo
eng_logo
ომარ ელდაროვისა და მერაბ მერაბიშვილის ქანდაკებების ფოტოგამოფენა გაიხსნება
- +

12 ივნისი. 2017. 14:26



ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI", რომელიც ახორციელებს კულტურულ-სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებს, გლობალიზაციის პირობებში ხელს უწყობს თვითმყოფადი, მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის მიღწევების წარმოჩენას თანამედროვე მსოფლიოში, კულტურათა ურთიერთდაახლოებას, - საქართველოს კულტურის ფონდთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმთან ერთად 16 ივნისს 17 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ ორი მოძმე ქვეყნის - აზერბაიჯანისა და საქართველოს თვალსაჩინო, მაღალავტორიტეტულ, ნაყოფიერ ხელოვანთა, სახალხო მხატვრების - ომარ ელდაროვისა და მერაბ მერაბიშვილის მიერ შექმნილი ქანდაკებების ფოტოგამოფენას.


მოქანდაკეთა მრავლისმომცველი შემოქმედება ამშვენებს როგორც თბილისსა და ბაქოს, ასევე სხვა ქალაქებს, მრავალი მუზეუმისა და გალერეის საგამოფენო დარბაზებს.


ომარ ელდაროვისა და მერაბ მერაბიშვილის ქანდაკებების ფოტოვერსიების ერთ საგამოფენო სივრცეში ექსპონირება მრავალი პარამეტრით არის მნიშვნელოვანი, საინტერესო, ვინაიდან დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გაიცნოს ეს ნამუშევრები, თვალი გაადევნოს შემოქმედთა სტილისა თუ ხელწერის განვითარების მიმდინარეობას, ასევე ერთ ეპოქაში სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეში არსებულ შემოქმედებით მიდგომებს, ხედვებს და ა.შ.

ომარ ელდაროვისა და მერაბ მერაბიშვილის გამოფენის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქართველ და აზერბაიჯანელ მხატვართა შემოქმედების პროპაგანდა, ქართველ მხატვართა ნამუშევრების აზერბაიჯანში წარდგენის ხელშეწყობა, საზოგადოების მეტად ჩართვა აღნიშნულ პროცესებში, რაც თავის მხრივ ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI"-ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უფრო ფართოდ კი, ასოციაციის მიზანია ისეთი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო კონტაქტების განმტკიცებას, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვე მიღწევების საყოველთაო გავრცელებას, სხვა ხალხთა კულტურებთან დაახლოებას და მათი მიღწევების ჩვენებას საქართველოში, შემოქმედებითი ინოვაციების, ნიჭიერი ახალგაზრდობის წარმოჩენას და მხარდაჭერას...


გამოფენის მთავარ გმირებს - ომარ ელდაროვსა და მერაბ მერაბიშვილს ფართო საზოგადოებრიობისთვის წარდგენა არ ესაჭიროებათ, თუმცა, მაინც შეგახსენებთ მათი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან მომენტებს:

ომარ ელდაროვი დაიბადა დერბენტში 1927 წელს. 1951 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის ილია რეპინის სახელობის ფერწერის, ქანდაკებისა და არქიტექტურის ინსტიტუტი. 1946 წლიდან მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში. 1962 წელს მიენიჭა აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიით, 1982 წელს კი აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიით პროკოფი ჯაფარიძის ბაქოში დადგმული მონუმენტისათვის, ამავე წელს მიენიჭა აზერბაიჯანის სახალხო მხატვრის წოდება. 1995-2000 წლებში იგი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი იყო. მოქანდაკე რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრია 1988 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. ომარ ელდაროვი აზერბაიჯანის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორია 2001 წლიდან დღემდე. ომარ ელდაროვი დაჯილდოებულია ჰეიდარ ალიევის პრიზით, აზერბაიჯანის დიდების ორდენით და სხვა ჯილდოებით. მისი განსაკუთრებით ცნობილი ნამუშევრებია: ნათავანი, ფიზული, ნიაზი, მაჰათმა განდი, ჰუსეინ ჯავიდი.


მერაბ მერაბიშვილი დაიბადა თბილისში 1931 წელს. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით. აქტიურად დაიწყო მუშაობა 1959 წლიდან, სამხატვრო აკადემიის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ. 1961 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედალი. ამავე წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პედაგოგად, 1978 წლიდან - პროფესორად; 1991-2004 წლებში იყო ხატვის კათედრის გამგე. მონაწილეობა აქვს მიღებული და გაიმარჯვა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში. 1970-იან წლებში გაიმარჯვა მოსკოვში, ზელენოგრადის რაიონში, ლენინის ძეგლის დასადგმელად გამოცხადებულ საკავშირო (საბჭოთა კავშირი) კონკურსში. 1974 მერაბ მერაბიშვილი ბულგარეთში დაჯილდოვდა გ. დიმიტროვის ოქროს მედლით. 1980 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. მერაბ მერაბიშვილი 1988 წლიდან არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი, 1996 წლიდან კი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 2001 წელს დაჯილდოვდა რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლით. 2002 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქეა. მოქანდაკის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნამუშევართა რიგს განეკუთვნება ალექსანდრე გრიბოედოვი თბილისი, 1961), ერეკლე II (თელავი, 1971), პეტრე ბაგრატიონი (თბილისი1984; მოსკოვი, 1999), შოთა რუსთაველი (კოტე მერაბიშვილთან ერთად, ბუდაპეშტი, 2011).

ომარ ელდაროვისა და მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნება 16 ივნისს 17 საათზე სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, ექსპოზიცია ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

 




 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner