logo_geo
eng_logo
დავით გუმბერიძე: მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ
- +

12 ივნისი. 2017. 14:48



ჯგუფ „ბირჟა მაფიას" საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პოლიციელების დაკითხვა, რომლებიც „ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ.


მისი თქმით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

 

„რაც შეეხება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ მისჯილ პატიმრობას, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში არ იყვნენ ნასამართლები და ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდათ, ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს მათი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად არ მიაჩნია", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.


სამართალდამცველების მიმართ დაკავებული რეპერების მხრიდან გამოთქმული ბრალდებების გამო თბილისის პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით 11 ივნისს დაიწყო.  


სააპელაცო სასამართლოში ჯგუფ „ბირჟა მაფიას" წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.


ამასთან, დღესვე გაიმართება ჯგუფის მეორე წევრის, გიორგი ქებურიას სასამართლო სხდომა.


ბრალდებულები სავარაუდოდ დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.


გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner