სააპელაციო სასამართლო „ბირჟა მაფიას" წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ (მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი) ბრალდებულების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების მართლზომიერების შესაფასებლად საქმეთა ზეპირი მოსმენა დანიშნა.
ბრალდებულებს გ. ქებურიასა და მ. მგალობლიშვილს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ნარკოტიკული დანაშაულის შესაძლო ჩადენა.
2017 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები ორივე ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულ მ. მგალობლიშვილს პატიმრობის ნაცვლად, დაცვის მხარის მოთხოვნისამებრ, შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ გ. ქებურიას - გირაო 20.000 ლარის ოდენობით. ამასთან, ბრალდებულებს დაევალათ წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად, ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", - ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.