საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი 27.77 მლნ აშშ დოლარიდან 25,48 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთის ვალის დაფარვა პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება და ვალის მომსახურება გაგრძელდება 2025 წლამდე. მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და წარმატებით 2016 წელს დასრულდა, რომლის საფუძველზეც ყაზახეთი დათანხმდა, რომ ვალის მომსახურება საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობებით მომხდარიყო.
გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ფინანსთა მინისტრს ბახიტ სულტანოვს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, კვაშირგამბულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სექტორებში. აღინიშნა, რომ ინტენსიური ეკონომიკური კავშირების მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი.
პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ყახაზეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს.