საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა და მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა, ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია, ე.წ. არატრადიციულ ზონებში (ქართული ისტორიული დიასპორის ტერიტორიაზე) ვაზის ქართული, ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენება.
მემორანდუმის ფარგლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგეში ნაწარმოები ლაზური ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნამყენი ნერგები აკურთხა, რომელიც 7 აპრილს ისტორიული ლაზეთის 5 ქალაქში დაირგვება.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია მეორეს ცენტრის მიერ აღდგენილი და გამრავლებული თავთავიანი კულტურების, მათ შორის ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ჯიშები, ასევე ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები გადასცა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარებას.