logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ამაზრზენი სანახავია, როგორ დაესიენ გოგი თოფაძეს თავისივე კოალიციის წევრები!
- +

19 თებერვალი. 2016. 16:25


„ამაზრზენი სანახავია, როგორ დაესიენ გოგი თოფაძეს თავისივე კოალიციის წევრები. არადა, მას არაფერი ტყუილი არ უთქვამს", - აღნიშნული განცხადება „რეპორტიორთან" საუბრისას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.


სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თქმით, მასთან პირად საუბრებში მთავრობის წევრებისა და პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობა გაცილებით უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს „რესპუბლიკელებს", ვიდრე გოგი თოფაძის განცხადებაა.


„მთავრობისა და პარლამენტის უმრავლესობა პირდაპირ იძახის, რომ „რესპუბლიკელები" არიან მოღალატეები; რომ ისინი იწვევენ შიდა კოროზიას მთავრობაში. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, თავადაც ამოიღონ ხმა, თორემ მე არ მომერიდება და თითოეული მათგანის სახელსა და გვარს ვიტყვი. ისინი გოგი თოფაძეზე მეტ საშინელებებს ლაპარაკობენ „რესპუბლიკელებზე". მივმართავ მათ, სირცხვილია, ზურგს უკან პირდაპირ ოცნებობთ, კოალიციიდან გააგდოთ „რესპუბლიკელები", პირში კი ეპირფერებით. ეს უზნეო საქციელია", - განაცხადა ბრეგაძემ.


სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები" აფერხებენ საკონსტიტუციო ცვლილებას ქორწინების შესახებ ჩანაწერის გაკეთებასთან დაკავშირებით.


„რესპუბლიკელები" მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მიდიოდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ ისინი აფერხებენ საკონტიტუციო ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. სწორედ ისინი ითხოვდნენ ჩემს გადაგომას, როდესაც პატრიარქი დავიცავი, სწორედ მათ გააყალბეს არჩევნები საგარეჯოში, რითაც მთელ ხელისუფლებას ჩირქი მოსცხეს. „რესპუბლიკელები" აშანტაჟებენ ხელისუფლებას, რომ თუ მათ არ ექნებათ სადავეები ხელთ, მაშინ დასავლეთის მხარდაჭერა გაქრება. მათ შორის მეც დამაშანტაჟეს. მე კი არ ვაპირებ, მათ ქედი დავუხარო! არ ვაპირებ გაჩერებას, გინდა მომხსნან, გინდათ დამწვან, მაინც არ გავჩერდები!", - განაცხადა ბრეგაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner