ქუთაისის მერიის მიერ, საფეხბურთო კლუბ „ტორპედოზე" გამოცხადებულ აუქციონში, პირველმა მონაწილემ კლუბის შეძენის სურვილი უკვე დააფიქსირა. ლოტზე პირველი 300 000 ლარიანი ბიჯი დღეს, აუქციონის დასრულებამდე 2 დღით ადრე გაკეთდა.
„ტორპედოს" გასაყიდად აუქციონი მიმდინარე წლის 1 ივნისს გამოცხადდა და 16 ივნისს, 15:00 საათზე დასრულდება. ქუთაისის მერიამ კლუბი აუქციონზე მეორედ გამოიტანა. პირველ შემთხვევაში მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.
პირველ აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 585 413 ლარი იყო, განმეორებით აუქციონზე კი, ქალაქის ხელისუფლებამ კლუბის ღირებულება 290 413 ლარით შეამცირა და საწყის ფასად 295 000 ლარი განსაზღვრა.
აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, „ფეხბურთის განვითარების ფონდის" ფუნქციონირების შემთხვევაში კი, რომელიც 2016 წლიდან არსებობს, კლუბში მინიმუმ 1 500 000 ლარი უნდა ჩაიდოს.
იმ შემთხვევაში თუ ფონდი შეწყვეტს „ტორპედოს" დაფინანსებას, ინვესტორმა კლუბის 1 500 000 ლარიანი ინვესტირების ვალდებულება მთლიანად საკუთარ თავზე უნდა აიღოს, იქნება ეს პირდაპირი ინვესტიცია თუ სპონსორი, რომელიც ასევე თავად უნდა მოიზიდოს.
ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელი უკვე დაწყებულია, ინვესტორი ვალდებულია 2018 წლის 1 იანვრამდე, ასევე პირდაპირი ინვესტირების გზით, კლუბი სრული კალენდარული წლის ვალდებულებით, 500 000 ლარით დააფინანსოს.
შემსყიდველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება წელიწადში 100-200 ბავშვზე.
ინვესტორმა, ფონდის მონაწილეობით ასევე უნდა დააფინანსოს კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ფეხბურთელების შეძენის, საფეხბურთო კლუბის ბაზაზე სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარების ხარჯები.
ქუთაისის მერია კლუბს 100%-იანი წილით ყიდის, გარდა საწესდებო კაპიტალისა და აკ. ხორავას ქუჩა N1-ში არსებული ნაკვეთისა.
აუქციონი მიმდინარე წლის 11 მაისს გამოცხადდა და 26 მაისს დასრულდება.
ადგილობრივი თვითმმართველობა ქუთაისის „ტორპედოს" აუცქიონზე გატანას მას შემდეგ გეგმავდა, რაც მის ახალ ინვესტორთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და ჩაჩავამ კლუბი დატოვა.
ქუთაისის მერიაში ამბობდნენ, რომ კლუბის გასხვისება ტექნიკური დეტალების გამო ფერხდებოდა.
წყარო http://www.kutaisipost.ge/