სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორ ტომას კეინს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და ბიუროს დირექტორს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიღწეული პროგრესის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა ტომას კეინს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა. მისი თქმით, არაერთი წარმატებული და პროგრესული ცვლლილების მიუხედავად, სისტემის განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სიახლეების დანერგვა გრძელდება.
„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. სამინისტროს მთავარ მიზანს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს", - აღნიშნა მინისტრმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ტომას კეინმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეაფასა.
შეხვედრის დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტომას კეინი საქართველოში მოიწვია.