„საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, როგორც მე ვიცი, უკვე მიმართეს აზერბაიჯანულ მხარეს აფგან მუხთარლის დაკითხვის მოთხოვნით", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა თამარ ხულორდავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე საუბრისას განუცხადა.
თამარ ხულორდავას თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკითხვით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
„ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეზე, რომელზეც არის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, ჩატარდეს სწორი, ეფექტური და დროული გამოძიება. გამოძიება არის დაწყებული და რამდენადაც ჩვემთვის ცნობილია, ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რაც საჭიროა იმისთვის, რომ საქმეზე რეალური სურათი გაირკვეს.
როგორც მე ვიცი, სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა არსებობს. საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ, მიმართული აქვთ აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურისათვის, რათა მოხდეს აფგან მუხთარლის დაკითხვა ჩვენი საგამოძიებო უწყების მიერ. მე მგონია, რომ ეს კარგი და სწორი ნაბიჯია, იმიტომ რომ მისი დაკითხვით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით ის აზერბაიჯანში დააკავეს. აზერბაიჯანულმა მხარემ აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - კონტრაბანდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ საქმეზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.