„როგორც არ უნდა უნდოდეს მავანს, მე და ომბუდსმენი ერთმანეთს არ დავუპირისპირდებით, რადგან ის არის ჩვენი პარტნიორი რეფორმებში",- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილის განცხადების პასუხად განაცხადა.
„ვეთანხმები ბატონ ომბუდსმენს, რომ კარგი იქნებოდა, თუ პარლამენტი იპოვიდა საკუთარ თავში ძალას, მომავალ კვირაში მაინც შედგება კვორუმი, რათა მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეოფრმას მეორე მოსმენით ეყაროს კენჭი",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, გაიმარჯვა რეფორმამ, რადგან საკითხის განხილვა პრაქტიკულად დასრულებულია
„ახლა მთავარია, პარლამენტმა მოახერხოს კვორუმის მოგროვება. საბოლოოდ უნდა შევძლოთ, რომ საქმეები ვიღაცის ნებასურვილით კი არ გადანაწილდეს, არამედ ელექტრონულად",-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ეტაპის დაწყება ჭიანურდება.