logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: აფგან მუხთარლის არ მოუმართავს ჩვენთვის, რაც მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ დევნა არ არსებობდა
- +

15 ივნისი. 2017. 15:25


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აფგან მუხთარლის საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ როცა ადამიანი ერთი ქვეყნის ტერიტორიაზეა და შემდეგ უცებ აღმოჩნდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ცხადია, კითხვები ყოველთვის არის და გამოძიება მუშაობს იმაზე, რომ ყველა ამ კითხვას გაეცეს პასუხი.


სუბარის განცხადებით, აფგან მუხთარლი ორი წელი ცხოვრობდა საქართველოში ყოველგვარი პრობლემის და საფრთხის გარეშე.


მის მიმართ თუ დევნა იყო მეზობელ ქვეყანაში, ან თუ რაიმე საფრთხეს გრძნობდა, მას შეეძლო მოემართა კონკრეტულად ჩვენი სამინისტროსთვის, რომ მიეღო თავშესაფარი. ან თბილისში არის გაერო- ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ამიერკავკასიის ოფისი და შეეძლო მიემართა მათთვის, იმ შემთხვევაში, თუ მას ან მის ოჯახს ჰქონდა ეჭვები, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა ხათრი გვქონოდა, გაერო- უმაღლესი კომისარიატი არის ის ორგანო, რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ ხათრს რომელიმე ქვეყნის მიმართ. ის აუცილებლად მიიღებდა თავშესაფარს ან საქართველოში ან რომელიმე ქვეყანაში. ის, რომ მას ორი წლის განმავლობაში არ მოუმართავს არც ჩვენთვის და არც გაერო- ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვის, მაფიქრებინებს, რომ მის მიმართ მსგავსი დევნა არ არსებობდა. რა მოხდა და როგორ მოხდა, ამაზე გამოძიება გასცემს პასუხს",- განაცხადა სუბარმა.


რაც შეეხება ამ საკითხის ევროპარლამენტში განხილვას, სუბარის განცხადებით, იქ იყო სხვა თემის განხილვა, რომელიც შეეხება აზერბაიჯანს და აფგან მუხთარლის საქმე იყო ერთი მცირე ნაწილი იმ დიდი თემის.


საქართველოსთან მიმართებაში არის ერთადერთი კითხვა, როდის დაამთავრებს საქართველო გამოძიებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველგვარი მოწოდების გარეშე. შესაძლო გატაცებაზე ან შესაძლო არგატაცებაზე საუბარი არ არსებობს ერთი წყაროს გარდა, ეს არის აფგან მუხარლი და მისი ადვოკატები. თბილისის ნებისმიერ უბანში, ყველაზე მიყრეუბულშიც კი ადამიანს რომ დახვდეს ვიღაც, თავზე ტომარა ჩამოაცვას, ჩატენონ მანქანაში, მინიმუმ 20-30 ადამიანი მაინც იქნება, ვინც ამას ვიდეოზე აღბეჭდავს და ზუსტად 5 წუთში ეს ყველაფერი იქნება სოციალურ ქსელში. არ გამოჩნდა ამ ხნის განმავლობაში არც ერთი ადამიანი, ვინც იტყოდა, რომ რაღაც საეჭვო მოხდა მათ თვალწინ. როგორ წარმოგიდგენიათ? მე ვერ წარმომიგენია ასეთი რამ",- განაცხადა სუბარმა.


მისივე თქმით, დაკითხულია 200-ზე მეტი მოწმე და ყველა მათგანი აცხადებს, რომ არაფერი უნახავს.

 

იყო კრიტიკა ასეთი, რატომ კითხავთ მაინცდამაინც იმ მოწმეებს, ვისაც არაფერი აქვთ ნანახი? ვინც იმ უბანში იყვნენ, ისინი დაკითხეს, გლდანში ან ჩხოროწყუში ხომ არ წავიდოდნენ მოწმეების მოსანახავად? იმ უბანში ვინც კი გაიარა, ყველა არის დაკითხული",- განაცხადა სოზარ სუბარმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner