ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტის რეზოლუცია „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა" აფგან მუხთარლის საქმეზე საუბრით იწყება. დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოდან აზერბაიჯელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს, ბაქოში მის დაკავებასა და მოსალოდნელ გასამართლებას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს.
როგორც ტექსტშია აღნიშნული, ადვოკატი ამბობს, რომ ამოუცნობმა პირებმა, რომლებსაც გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები ეცვათ, მუხთარლი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და მიიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე.
რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ მუხთარლის წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული და საზღვრის უკანანო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ემუქრება გასამართლება.
ტექსტის მიხედვით, საქართველო, როგორც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის წევრი ქვეყანა, პასუხისმგებელი და ვალდებულია, მის ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შექმნას გარანტია იმისა, რომ არ მოხდეს მათი იძულებით დაბრუნება აზერბაიჯანში.
რეზოლუციაში წერია, რომ გაზრდილია რიცხვი შემთხვევების, როდესაც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ქვეყანაში ცხოვრებისთვის აუცილებელი საბუთის ვადის გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან.
რეზოლუციაში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაც მოხვდა, სადაც გიორგი მარგველაშვილი მომხდარს საქართველოს სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის წინაშე არსებულ დიდ გამოწვევად აფასებს.
ევროპარლამანტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს დროული, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება და პასუხი აგებინოს დანაშაულის ჩამდენ პირებს.
ევროპარლამენტის რეზოლუცია „შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია, დაიცვას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მესამე ქვეყნის მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ და, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური ან სხვა საქმიანობის გამო გასამართლება ელოდებათ".
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მთავრობას ჟურნალისტის უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ასევე, ევროპარლამენტარები, რეზოლუციის თანახმად, უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებენ და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ და ნათელი მოჰფინონ მუხთარლის იძულებითი გაუჩინარების საქმეში ქართული მხარის მონაწილეობის შესახებ გამოთქმულ ეჭვებს.
დოკუმენტის მიღებამდე, ევროპარლამენტარებმა მისი მიღების გადადებას უყარეს კენჭი. დეპუტატების უმრავლესობა კენჭისყრის გადადების წინააღმდეგ წავიდა.
მანამდე, ევროპარლამენტის სესიაზე დებატები გაიმართა.