„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს თუ არ დაკმაყოფილდა ექსტრადირების მოთხოვნა, ხვალ დაკმაყოფილდება",- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით კეზერაშვილის ექსტრადირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„მთავარ პროკურატურას არ დაუყრია ფარხმალი და სულ რამდენიმდე დღის წინ ჩამოაბრაძანა ბატონო „მასტერა" იმ ქვეყნიდან, სადაც ის ბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ გაქცეულ ადამიანს, რომელზეც საქმეა აღძრული, დღესთუ არა ხვალ, ვიხილავთ საქართველოში. ამისთვის მუშაობა არ შეჩერდება. თუ დღეს რომელიმე სასამართლო ვერ დარწმუნდა საზღვარგარეთ, ხვალ დარწმუნდება",- აღნიშნა თეა წულუკიანმა.
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე უარი თქვა. როგორც 2030.news-ს კეზერაშვილის ადვოკატმა, შოთა მინდელმა განუცხადა, საქართველოს პროკურატურამ დიდ ბრიტანეთს მიმართა კეზერაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო.