logo_geo
eng_logo
დღეს ხარებაა
- +

7 აპრილი. 2016. 10:00


მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.


დღეს, 7 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ხვალ, 10:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

 

"როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა", - განაცხადა პატრიარქმა 3 აპრილს საკვირაო წირვაზე.


ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისგან იხსნა.


წმინდა სახარების მიხედვით, გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. ~გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".


ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი დედად ღვთისად მისი სიმდაბლისა და სიმშვიდის გამო გამოირჩია. საეკლესიო სწავლების თანახმად, რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ადამიანთა დაცემისათვის, იმავე იარაღით იხსნა კაცობრიობა ქრისტემ - თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მოუტანა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუვლინა.


დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.


დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და 1 მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner