კოლუმბიის ოლქის სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიციამ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის დაცვის 12 წევრზე დაკავების ორდერი გასცა. ერდოღანის დაცვის წევრებს, ბრალი დემონსტრანტების ფიზიკურ შეურაცხყოფაში წარედგინებათ.
საქმე ეხება ზუსტად ერთი თვის წინ ვაშინგტონში მომხდარ ინციდენტს, როცა თურქეთის პრეზიდენტის ამერიკის დედაქალაქში ვიზიტის დროს, მისივე უსაფრთხოების სამსახურები თურქეთის საელჩოსთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფაქტს მაშინვე ამერიკის ხელისუფლების მწვავე განცხადებები მოჰყვა, სახელმწიფო დეპატამენტის საიდუმლო სამსახურმა კი ვაშინგტონის პოლიციასთან ერთად გამოძიება დაიწყო.
ვაშინგტონის პოლიცია აცხადებს, რომ მტკიცებულების სახით საქმეში დევს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, რომლის შესწავლაც და ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ ბრალდებული პირების რაოდენობა 18-ია, საიდანაც 2 ოფიციალური ინფორმაციის თანახმად უკვე დაკავებულია, მათგან ერთს ამერიკელ სამართალდამცველზე თავდასხმის ბრალდება აქვს წაყენებული.