logo_geo
eng_logo
აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის გმირთა მემორიალი დაიდგმება
- +

16 ივნისი. 2017. 01:53


აბაშის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში ახალი მემორიალისათვის გამოყოფილ ადგილას დაიდგა მონუმენტური ქვა წარწერით აქ დაიდგმება 9 აპრილის გმირთა მემორიალი" - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


გამგეობის ინფორმაციით, პროცესს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და საზოგადოება „აბაშელის" წევრები. უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი 9 აპრილისადმი მიძღვნილი მაღალმხატვრული ძეგლისათვის.


რაც შეეხება თავისუფლების ქუჩაზე არსებულ „9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალს", რომელიც წარმოადგენს რკინის ნაკეთობას (შესრულებულს არა ხელოვანის მიერ) განთავსებულია საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, მემორიალი აღიმართა გასული საუკუნის 90-იან წლებში და აღნიშნულის თაობაზე, რაიონის იმჟამინდელი გამგეობის ან საკრებულოს მიერ, რაიმე სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა. ამჟამად ამ ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტის მშენებლობა, რაც საზოგადოების მსჯელობის საგნად იქცა, მიზეზი კი ზემოთ აღნიშნული „9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალია", რომლის სიახლოვესაც მიმდინარეობს მშენებლობა.


მიწა, რომელზედაც დღეს სავაჭრო ობიექტი შენდება, 2011 წელს აუქციონის წესით  გასხვისდა. ამ ხნის განმავლობაში მიწის კერძო მფლობელი არაერთხელ შეიცვალა. ამჟამად მიწა სენაკში მცხოვრებ ბესიკ სოსელიას საკუთრებაშია. ამ უკანასკნელმა 2015 წლიდან არაერთხელ წერილობით მიმართა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობას მშენებლობაზე ნებართვის გაცემის მოთხოვნით, რაზედაც გამგეობამ მას ასევე წერილობით აცნობა, რომ ნებართვის გაცემისაგან თავს იკავებდა იმის გამო, რომ გასხვისებული მიწის მიმდებარედ განთავსებული იყო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. 


მიწის მესაკუთრემ მუნიციპალიტეტის გამგეობის ზემოთ აღნიშნული პოზიცია-მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, გაასაჩივრა სასამართლოში და დავაც მოიგო.  სასამართლოს გადაწყვეტილებით  მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელე ბესიკ სოსელიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის ვალდებულება, რაც აღსრულებულ იქნა.


ამის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არაერთგზის შეხვდა საზოგადოება „აბაშელის" წარმომადგენლებს და აღუთქვა, რომ გათვალისწინებულ იქნება რა მათი მოთხოვნა, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი მაღალმხატვრული ძეგლისთვის, რომელიც დაიდგმება ქ. აბაშის ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ პარკში (პროექტ(ებ)ის განხილვაში ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები). ერთადერთი, რაზეც მკაფიო უარი ეთქვა საზოგადოება „აბაშელს" ეს არის ძველი მემორიალის ახლად შერჩეულ ადგილას გადმოტანა.


9 აპრილი ყველა ქართველის ტკივილი და ამავე დროს ახალი ცხოვრების საწყისია. ის ყოველი ქართველისთვის ღირსახსოვარი დღეა და ყველას უნდა გვაერთიანებდეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner