logo_geo
eng_logo
ნიაზ მამრიკიშვილი: ჩვენი 6 ერში ჩართვა, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემსგავსება!
- +

6 აპრილი. 2016. 22:27


საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნიაზ მამრიკიშვილმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ ბორჯღალოსნები 6 ერისთვის ჯერ მზად არ არიან.


"ჩემი სუბიექტურ მოსაზრებით, ჩვენ ჯერ არ ვართ 6 ერში საასპარეზოდ მზად, მაგრამ სამაგიეროდ მზად ვართ, არანაკლებ საინტერესო და ჩვენი პროგრესისათვის აუცილებელი თამაშებისათვის, რომელიც 3 ივნისში, ხოლო 3 ნოემბერში გაიმართება.

 

ამ გზას 2-3 წელი რომ გავივლით, რაც რეალურად მოგვცემს საშუალებას, წინ წავიწიოთ და კლასი ავიმაღლოთ, მერე შეიძლება უკვე 6 ერში შესვლაზე საუბარი. 6 ერის გუნდებთან თამაში ტესტების დონეზე ისედაც შეიძლება და აუცილებელიცაა", - განაცხადა ნიაზ მამრიკიშვილმა.


ნიაზ მამრიკიშვილმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კომერციული თვალსაზრისი, ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია, რის გამოც ბორჯღალოსნების 6 ერში ინტეგრაცია ფერხდება.

 

"რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ 6 ერის ორგანიზატორები, არ ექვემდებარება ჩვეულებრივ, რაგბის საერთაშორისო ფედერაციას. 6 ერის არის კომერციული, ცალკე დაწესებულება, "შპს" ასე რომ ვთქვათ, რომელსაც აქვს ორგანიზებული ეს ტურნირი. კომერციულად ეს ტურნირი არის ძალიან მომგებიანი. რამდენად მომგებიანი იქნება ეკონომიურად არამდგრადი ქვეყნების ჩართვა ამ ტურნირში, ეს ცალკე თემაა და როგორც ექსპერტები ამბობენ, საკმაოდ პრობლემატურიც. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რომ 6 ერში არ გვიჩანს შესვლის პირი.

 

ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, ჩვენი 6 ერში ჩართვა, ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას ემსგავსება, ამ ანალოგის გატარება შემიძლია", - აღნიშნა მამრიკიშვილმა.


საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის ხემძღვანელმა "აიპრესთან" საუბრისას ასევე განაცხადა, რომ რუმინეთთან ჩატარებლმა მატჩმა აჩვენა, რომ სარაგბო კულტურა საქართველოში თანდათანობით ვითარდება.


"რუმინეთთან მატჩმა ბევრი რამ გვაჩვენა, ჩვენც მორაგბეებს და გულშემატკივრებსაც. ამ მატჩმა აჩვენა ის, რომ ჩვენი გუნდი ისევ პროგრესის გზაზეა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ხარისხობრივი ნაწილი მაქვს მხედველობაში. ის, რომ სარაგბო კულტურა საქართველოში თანდათანობით დამკვიდრდა და უფრო დიდ აუდიტორიას იზიდავს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. 6 ერში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ აუდიტორიის მოზიდვას და დასწრებას. ეს ყველაფერი ჩვენს პროგრესზე მეტყველებს, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე და ჩემის აზრით, უახლოესი 2-3 წლის მანძილზე ჯერჯერობით მზად არ ვართ. ყველაზე სუსტ გუნდთან, იტალიასთანაც კი ამ ტურნირზე სერიოზული პრობლემები გვექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, უახლოესი 3-4 წლის მანძილზე ჩვენ არ უნდა განვვითარდეთ და არ უნდა ვდგათ ნაბიჯები იმისკენ, რომ ამ ქვეყნებთან ტოლსწორად ვიასპარეზოთ", - განაცხადა ნიაზ მამრიკიშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner