გურამ შარაძის ქალიშვილი, „გურამ შარაძის საზოგადოების" დამფუძნებელი რუსუდან შარაძე ევროპის სახალხო პრეზიდენტის, ჯოზეფ დაულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ეს და მისნაირები, ერთხელ და სამუდამოდ, ქართველებმა რომ „კაი" ადგილზე გავუშვათ, არ შეიძლება? ნუთუ, ძნელია, რომ ცოტა ორგანიზებულები ვიყოთ, თუნდაც, დავთქვათ რომელიმე დღე, შევიკრიბოთ ათასობით ადამიანი და ყველა შინაურ და გარეულ ნაძირალას, ვინც მკვლელებს მფარველობს, ვაჩვენოთ ჩვენი, ხალხის ძალა? როგორ უნდა ბედავდეს და საერთოდ, ვინ გდია, ვინ ჰკითხავს ამას ჩვენი იმედების გაცრუება-არგაცრუებას?
2012 წლის 1 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა" წელში გადატყდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით, ბოლომდე ვერ განადგურდა, როგორც მკვლელი, მოძალადე, კაცების გამაუპატიურებელი და საკუთარი ხალხის დამტერორებელი ძალა. ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ მაშინ მოხდა სასწაული და ეს ჩვენ ერთად მოვახდინეთ, რადგან ვაღიაროთ - ყველანი შეგუებულები ვიყავით, რომ სააკაშვილს, სანამ არ ამოსძვრებოდა გახრწნილი სული, საქართველო ვერ მოიშორებდა. თუ რატომ - მიზეზები ყველასთვის ცნობილია...
სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა" აწი ისე მობრუნდება საქართველოში, როგორც მე გავხდები ჩინეთის იმპერატორი, მაგრამ ამათ პირი უნდა ამოეკეტოთ ს ა მ უ დ ა მ ო დ! ხომ შევძელით მაშინ, ახლაც შევძლებთ!"- აღნიშნავს შარაძე.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. მე აქ ჩამოვედი, რადგან ყოველთვის ვთვლიდი, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება და ვალდებულება, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ასევე ჩამოვედი იმისთვის, რომ მხარი დავუჭირო ჩვენს პარტიას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". გავიგე, რომ ბევრი რამ ითქვა პრესაში ჩემი ინტერვიუს შესახებ, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციას შეეხებოდა, თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ ჟურნალისტები და მე სწორედ ასეთი მიყვარხართ, მედიის თავისუფლების გამო. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენი პარტია იყო სწორედ ის, ვინც ყველაზე მეტი იმუშავა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და გაწევრიანებისთვის. თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ მე გულწრფელი ადამიანი ვარ. გადაწყვეტილება ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიაში მიღებულია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ გარკვეული გზაა გასავლელი: ჯერ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ ევროპარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი. თამასა, რომელიც მთავრობამ დააწესა, ივნისის თვე, ძალიან მაღალია. მე პირველი ვიქნებოდი ამის მომხრე, თუ ეს შესაძლებელია, რომ ვიზების ლიბერალიზაცია მოხდეს, მაგრამ მე არ მინდა იმედების გაცრუება. ჩემი გამოცდილებით, კარგად ვიცი, რომ ხალხი, რომელიც რაღაცას ელოდება, შემდეგ შეიძლება იმედგაცრუებული აღმოჩნდეს. ხალხი უნდა მოვამზადოთ, რომ გადაწყვეტილება ჩვეულებრივი პროცედურის გავლის შედეგად მიიღება. ეს წესი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და გულისხმობს ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებას", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.