რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ზურაბ ალავიძე დაბა სურამში დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდა და დაჰპირდა, რომ ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დასრულდება.
10 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის გამო დაზარალდა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები - ხაშური, სურამი, ბორჯომის მიმდებარე ტერიტორია, ახალციხე და ადიგენი. დაიტბორა სარდაფები, საცხოვრებელი სახლების ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაბა სურამში ადიდდა მდინარე სურამულა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში მიყენებულმა ზარალმა 900 000 ლარს გადააჭარბა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე გამოიყო.