logo_geo
eng_logo
საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება
- +

17 ივნისი. 2017. 17:15



მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე ყველაფერი მზადაა. მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, საქართველო ნამდვილად შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის მასპინძელი ქვეყანა.

 

ვიმედოვნებთ, რომ ფინალური დღე იქნება საუკეთესო და სტადიონი შეივსება. ეს არის ახალი ეტაპი ქართული რაგბის განვითარებისთვის. საქართველო ნამდვილად შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის მასპინძელი ქვეყანა", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

 

რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის განცხადებით, ფინალი იქნება დაუვიწყარი.


ფინალი იქნება დაუვიწყარი, საქართველო, ალბათ, დაასრულებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს, როგორც ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე მსოფლიო რაგბის საზოგადოებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი უცხოელი დატოვებს ჩვენს ქვეყანას მდიდარი შთაბეჭდილებით", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

 

ხვალინდელი მატჩისთვის ყველაფერი მზადაა. ვფიქრობ, რომ მონაწილეები არიან  კარგ ფორმაში. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ვიმედოვნებ, რომ სტადიონი მაყურებლით გაივსება", - განაცხადა ტურნირის დირექტორმა საიმონ ქიბლი.

 

18 ივნისს ბოლო შეხვედრას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თანატოლ ირლანდიელებთან 13:00 საათზე გამართავს. გუნდები მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ. 15:30 საათზე მესამე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებები. ფინალი კი 18:00 საათზე დაიწყება.  20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ინგლისისა და ახალი ზელანდის ნაკრებები იბრძოლებენ.


მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს და ის პროექტ „Check In Georgia Sport"-ის ფარგლებში იმართება.


მსოფლიო ჩემპიონატში 12 უძლიერესი ნაკრები იღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართა, პლეი-ოფის შეხვედრებს, ასევე ნახევარფინალებსა და ფინალებს კი თბილისის „ავჭალის" რაგბის სტადიონი და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებენ.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი „მსოფლიო რაგბის" მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ ტარდება. აქამდე ჩატარებული 9 ჩემპიონატიდან 5 ახალმა ზელანდიამ მოიგო, 3 - ინგლისმა და ერთი - სამხრეთ აფრიკამ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner