„ჩვენს ქვეყანაში არის სექტანტი (მორმონი) სახალხო დამცველი, რომელიც ღიად ებრძვის მართლმადიდებლობას.
უფრო შორსაც წავიდა და სკოლის ადმინისტრაციას უკრძალავს ბავშვების ორგანიზებულად (ექსკურსიაზე) ქართული მართლმადიდებლური ტაძრების მოსანახულებლად წაყვანას. ასევე ითხოვს აეკრძალოს მოსწავლეებს ლოცვა და სანთლის დანთება. ქართული საზოგადოება კი ვსხედვართ და მოთმინებით ვუცქერთ ამ აგრესიული სექტანტის აღვირახსნილ ქმედებებს.
მერწმუნეთ ქმედებების დროა, რადგან თითოეული ჩვენთაგანის პასიურობა კიდევ უფრო ახალისებს ბატონი ნანუაშვილის ბრძოლას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. საჭიროა უახლოეს ხანში დაიგეგმოს ქმედითი ღონისძიებები და მართლმადიდებლობის მტერი მოცილდეს სახალხო დამცველის პოსტს!"- წერს ბრეგაძე.
„საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი - ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ხდება მათი დალოცვა", - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები ხშირად იძულებულები ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა იმ მოტივით, რომ უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან.
„საანგარიშო პერიოდში კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები.
რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში აცხადებენ, რომ მიუხედავად კანონის მკაფიო მოთხოვნებისა, საჯარო სკოლებში მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასევე კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსებას, საკლასო ოთახებსა და ზოგადად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კანონის ეს მოთხოვნა, როგორც წესი, არ არის დაცული. მაგრამ, ყოველივე ამასთან ერთად, პრობლემას ის გარემოებაც აღრმავებს, რომ უმცირესობები უმეტესწილად ერიდებიან ღიად და კონკრეტულად ისაუბრონ სკოლებში არადომონანტური აღმსარებლობის მოსწავლეებისადმი დისკრიმინაციული მოპყრობისა და უფლებაშელახვის ფაქტებზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველის თქმით, რელიგიური უმცირესობები ერიდებიან მიმართონ რაიმე ქმედით, უფლებადაცვით ნაბიჯებს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში ისინი უფრო მასშტაბური დისკრიმინაციის მსხვერპლნი აღმოჩნდებიან.
„სახელმწიფოს პოლიტიკაც ამ მიმართულებით არ არის თანმიმდევრული, სტრატეგიულად და ტაქტიკურად კარგად გააზრებული. ერთეული შემთხვევების გარდა, არ ჩანს კანონის იმპლემენტაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და დარღვევებზე რეაგირების პოლიტიკური ნება", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.