„BBC"-ის ინფორმაციით, ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის უკანასკნელი რაიონის გათავისუფლების სპეცოპერაცია დაიწყეს.
არსებული ინფორმაციით, სპეცრაზმი „ძველ მოსულს" დასავლეთიდან უახლოვდება, ფედერალური პოლიცია კი - სამხრეთიდან.
გაეროს მონაცემებით, აღნიშნულ რაიონში 100 ათასამდე ადამიანი რჩება. სახელისუფლებო ძალებმა მათ ქალაქის შეძლებისდაგვარად სწრაფად დატოვება სთხოვეს.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებიც მონაწილეობს, უკვე მეცხრე თვეა მიმდინარეობს. ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქზე კონტროლი 2014 წლის ზაფხულში მოიპოვა.