logo_geo
eng_logo
აშშ-ში დაკავებულ მოკრივეს WBO-მ ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა
- +

18 ივნისი. 2017. 22:29



ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე კრივში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ქამარს უნდა დაემშვიდობოს.


WBO-მ (მსოფლიო კრივის ორგანიზაცია) საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა.


დოკუმენტი WBO-ს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში არაფერია ნათქვამი იმ მძიმე ბრალდებებზე, რის საფუძველზეც ხურციძე ნიუ იორკში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


მიზეზს კი ამ ციტატაში ვკითხულობთ:


„ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი იბრძოლოს ჩემპიონატზე და ვინაიდან დაგეგმილი ჩემპიონატი გაუქმდა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავთანდილ ხურციძის - საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს."


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხურციძის პრომოუტერებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე WBO-სგან ოფიციალური წერილი გაეგზავნათ, რომლითაც მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების - თუ რა საფუძვლით შეიძლებოდა ტიტულის ჩამორთმევის თავიდან აცილება, თუმცა რეზოლუციის მიხედვით, ქართველი მოკრივის პრომოუტერმა ლოუ დიბელამ წერილი უპასუხოდ დატოვა.


ამჯერად WBO ხურციძეს 10 დღიან ვადას აძლევს გასაჩივრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, დოკუმენტის მიხედვით, საბოლოო იქნება და ვეღარ გადაიხედება.


რეზოლუციას ხელს WBO-ს ჩემპიონატის კომიტეტის თავმჯდომარე ლუი ბატისტა სალასი აწერს.


შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 10 დღის წინ ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.


37 წლის ავთანდილ ხურციძემ კრივში WBO-ს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 22 აპრილს მოიპოვა, ინგლისის ქალაქ ლესტერში, მანამდე დაუმარცხებელ ბრიტანელ ტომი ლენგფორდთან მოპოვებული გამარჯვებით. მან მოწინააღმდეგე მე-5 რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა და ორთაბრძოლა მოიგო.


დროებითი ჩემპიონის ქამარი ქართველ მოკრივეს 8 ივლისს, ლონდონის Copper Box Arena-ზე, სრულფასოვან ჩემპიონ ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსთან დაგეგმილი ბრძოლით უნდა დაეცვა, თუმცა მისი დაპატიმრების გამო ჩემპიონატი გადაიდო და მომხდარმა არამხოლოდ მის კარიერას შეუქმნა საფრთხე, არამედ მოქმედი ჩემპიონის გეგმებიც შეცვალა. სანდერსი ჩემპიონის ქამრის დაცვას დაპატიმრებული ქართველი მეტოქის გამო ვეღარ ახერხებს. ის ჩემპიონატს გაურკვეველი ვადით გამოეთიშა, რადგან ხურციძეს შემცვლელი WBO-ს წესების მიხედვით ვერ ეყოლება.


ავთანდილ ხურციძემ დაკავების შემდეგ ერთადერთი განცხადება სასამართლო მოსმენაზე გააკეთა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ გაიგო რაშიც ადანაშაულებენ, თუმცა ვერ ხვდება რატომ. მორიგ მოსმენაზე მის წინააღმდეგ გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით 2 ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს - რაჟდენ შულაიას დავალებით ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის რაჟდენ შულაიას „კუნთი" იყო ბრუკლინში.


ქართველ მოკრივეს რეკეტის, თავდასხმის და სხვადახვა სახის თაღლითობის ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში - ამერიკის ციხეში ყოფნა სულ მცირე 20 წლით მოუწევს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner