პორტუგალიაში ტყის მასივებზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია.
დაღუპულთა უმეტესობა სახიფათო ტერიტორიის დატოვებას ავტომობილებით ცდილობდა, თუმცა მოულოდნელად ცეცხლის რკალით აღმოჩნდა გარშემორტყმული და თავის დაღწევა ვეღარ შეძლო.
60-მდე დაშავებულს შორის მეხანძრეებიც არიან. სტიქიის ლოკალიზებისთვის 600 მეხანძრე იბრძვის.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ერთ-ერთ ხეზე მეხის დაცემას განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურაც უწყობს ხელს, რომელიც 40 გრადუსს აჭარბებს.
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა გაჩენილ ხანძარს ბოლო წლების უდიდესი ტრაგედია უწოდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.