უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ევროკავშირსა და კიევს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ნიდერლანდების რეფერენდუმის შედეგები უკრაინას ევროპისკენ მიმავალ გზაზე არ შეაფერხებს.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ნიდერლანდების კონსტიტუციისა და კანონმდებლობის თანახმად, ეს რეფერენდუმი მხოლოდ კონსულტაციური ხასიათისაა. ახლა სიტყვა ნიდერლანდების მთავრობას, პარლამენტსა და პოლიტიკოსებს ეკუთვნით. დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიულად ეს მოვლენა უკრაინისთვის ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებას არ წარმოადგენს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოროშენკოს განცხადებით, რეფერენდუმის ორგანიზატორების მიზანს ევროპის ერთიანობასა და ევროპული ღირებულებების გავრცელებაზე თავდასხმა წარმოადგენდა.
„ამაზე მეტყველებს ის დისკუსიაც, რომელიც რეფერენდუმამდე მიმდინარეობდა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეებმა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მხარი არ დაუჭირეს.
ამომრჩეველთა აქტივობამ 32 პროცენტი შეადგინა. რეფერენდუმის მონაწილეთა 61,1 პროცენტი შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა. უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ამომრჩეველთა 38 პროცენტმა დაუჭირა მხარი.