რუსთავის მერიაში, „მერების შეთანხმების" ოფიციალური მხარდამჭერი „ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოს" ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით „მდგრადი ენერგეტიკის დღის" ფარგლებში, შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე პროექტის - „ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია" პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები, ღონისძიების მონაწილეებს, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა და პროექტის პარტნიორი ავსტრიული კომპანიის - „ალლპლანი'' წარმომადგენლებმა, ჰელმუტ ბიორგერმა და დოინა კალოიანუმ გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში, თემაზე „ენერგომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში". საინფორმაციო სემინარიც ჩატარდა.
შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილეები: ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლომიძე, ფრაქცია „ქართული ოცნების'' ხელმძღვანელი მერაბ სულაბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატები- ელზა ლეკვეიშვილი, მარლენ ლაბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტი საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) მდებარე საზოგადოებრივ შენობებში (როგორც მუნიციპალური, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში მყოფი) ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. ამ მიზნით რუსთავში 12 საზოგადოებრივი შენობა შეირჩა, სადაც კამპანიის განხორციელების პერიოდში შენობების მოსარგებლეები ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ღონისძიებებში. მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალებს. საინფორმაციო კამპანიის პარალელურად ასევე, იგეგმება ტრენინგების ჩატარება და ენერგოაუდიტორების მომზადება, რომლებიც მომავალში შეძლებენ შენობების ენერგოეფექტურობის აუდიტის ჩატარებას.
პროექტს, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებითა და ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მხარდაჭერით, „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" და კომპანია „ალლპლანი" (ALLPLAN) ახორციელებენ.
რუსთავის მუნიციპალიტეტი „მერების შეთანხმებას" 2011 წელს შეუერთდა, რითაც აიღო ვალდებულება 2020 წლისათვის, ქალაქის ტერიტორიაზე CO 2 -ის გამოფრქვევის 20%-ით შემცირებაზე.