ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებს ბათუმის საკონცერტო მოედანს სარგებლობისთვის სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტ Cheсk-in Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა იგეგმება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებით.
„ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისთვის, მომღერლებისთვის და მუსიკოს-შემსრულებლებისთვის. მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ, სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი", - განაცხადა გიორგაძემ.