სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ბრალდებულ მ.ღ.-ს მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, ციხეში არსებულ პირობებთან დაკავშირებით, სრული სიცრუეა და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„მ.ღ.-ს პრეტენზიები საკვებთან და სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მ.ღ.-ს მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი საკვები, ე.წ მშრალი კვების ულუფაა, რომელიც პატიმრებს პენიტენციური დაწესებულებიდან დროებით გასვლის შემთხვევაში, გადაადგილებისას მიეწოდებათ, რათა არ დარჩნენ კვების გარეშე. რაც შეეხება მის განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოსაკვებად სასურსათო პროდუქტებს ამანათის სახით ოჯახი უგზავნის, მ.ღ.-მ პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით ორთვიანი ყოფნის პერიოდში, საკვები ამანათით მხოლოდ ორჯერ მიიღო, ორი ხაჭაპურისა და ორი კილოგრამი ვაშლის ოდენობით. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სანიტარულ-ჰიგიენური და კვების ნორმები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებითაა დამტკიცებული, რომელიც კვების 12 განსხვავებულ რაციონს ითვალისწინებს სხვადასხვა საჭიროების მქონე პატიმართა ჯგუფებისთვის.
ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით. საკვები პროდუქტების ხარისხი კი, მუდმივად მოწმდება კვების ინსპექტირების კომისიის მიერ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები. კონკრეტულად, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო, რის შედეგადაც მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - გარემონტდა საკნები, საშხაპეები, სამზარეულო, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, სამედიცინო ნაწილი. გაიხსნა ახალი საზოგადოებრივი მისაღები, რომელიც აღჭურვილი და მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და სხვა.
2012 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, აღიარებულია ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარების ადგილზე გაცნობის საშუალება უფლებამოსილი პირებისა თუ ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომია. პენიტენციურ დაწესებულებებს პერმანენტულად სტუმრობენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით რეფორმებს კვლავ განაგრძობს, რაც კიდევ ერთხელ დასტურდება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა და, რომელიც პენიტენციური სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამასთან, სამინისტრო სთავაზობს უფლებამოსილ ჯგუფებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელეთა მონაწილეობით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, ადგილზე გაეცნონ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას", - აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.