logo_geo
eng_logo
დღეს აკაკი წერეთლის დაბადების დღეა
- +

21 ივნისი. 2017. 12:31



ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი წერეთელი 1840 წლის 21 ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში დაიბადა.

აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი - ჩიხურა.

შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. ზემო იმერეთში ცნობილია წერეთელთა საჩხერისა და სხვიტორის შტო. აკაკის მამა, როსტომ როსტომის ძე წერეთელი, სხვიტორელი წერეთლების შთამომავალი იყო.

აკაკის დედა, ეკატერინე, იყო ცნობილი ფეოდალის ირაკლი აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძე კი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (სოლომონ დიდის) ასულის - დარეჯანის შვილი იყო. ეკატერინეს დედა გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ღვიძლი და ყოფილა.

ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით.

აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).

ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში, სადაც იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.

გლეხის ოჯახში გაბარებამ უდიდესი როლი შეასრულა მომავალი პოეტის ფიზიკურ, ზნეობრივ აღზრდასა და გონებრივ განვითარებაზე. აქ იგი იზრდებოდა უღარიბესი გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში.

სავანეში პატარა აკაკი მთელ დღეებს ატარებდა გლეხებთან ყანებში, ტყეში, საქონლის მოვლაში, სადილ-ვახშმის მზადებასა და სხვა საქმიანობაში და, რაც მთავარია, იგი მთელი ამ საქმიანობის უბრალო მაყურებელი კი არ იყო, არამედ თვითონაც გულმოდგინედ მონაწილეობდა მასში.

მომავალი პოეტი, მინდვრად, გლეხის ბავშვებთან ერთად, დილიდან დაღამებამდე ატარებდა დროს მრავალფეროვან თამაშობასა და სიმღერა-გართობაში.

დიდმა პოეტმა ყმა გლეხის ოჯახში აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი ყველა იმ უაღრესად ნაზ, სპეტაკ და კეთილშობილურ გრძნობას, რომლებითაც აკაკის შემდეგ დაუკავშირდა მშობელ ხალხს, ყმა გლეხობას, მის ბედსა და მომავალს.

ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. მშობლები შეუდგნენ ბავშვის ბატონკაცურად აღზრდას. ასეთ პირობებს სათანადო გავლენა უნდა მოეხდინა პატარა აკაკის აღზრდაზე და ჩაეკლა ბავშვში კეთილი თვისებები, მაგრამ გლეხის ოჯახში მიღებული აღზრდა იმდენად ძლიერი და ძირმაგარი აღმოჩნდა, რომ მისი შერყევა შეუძლებელი შეიქმნა.


აკაკის დედა არ ანებივრებდა, რომ მეტისმეტი ალერსით არ გაეფუჭებინა ბავშვი. ეკატერინე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვის ფიზიკურ აღზრდას. მომავალ პოეტს არ არიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც გარეთ ღამისთევას და მინდორ-ტყეში ხანგრძლივად ყოფნას;


აკაკიმ უფროსი დის, ანას ხელმძღვანელობით ადრე შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რუსული კითხვა კი დედამ ასწავლა.


აკაკი ბავშვობიდანვე ძლიერ გატაცებული იყო წიგნების კითხვით. ყოველ დილას, საუზმის შემდეგ, მიუჯდებოდა ხოლმე წიგნებს და კარგა ხანს კითხულობდა. 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი". „ვეფხისტყაოსანმა" იმდენად გაიტაცა პატარა აკაკი, რომ მან თამაშობა დაივიწყა და მთელ დღეებს წიგნების კითხვაში ატარებდა.


პატარა აკაკის პირველი გამგზავრება ქუთაისში ერთ არაჩვეულებრივ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული. ერთხელ, ზამთრის პირას, აკაკი და მისი პატარა ფარეშები თურმე მშვილდ-კოდალას აკეთებდნენ. „ქარაფის ხეს რომ ვაკოპიტებდი,- წერს აკაკი, - დავიცილე წალდი, დავიკარ კოჭში და შუაზე გავიპე. ტკივილს ისე არ შეწუხებივარ, როგორც შიშს: ვაი თუ გამიწყრენ- მეთქი. მოვაგროვე აბლაბუდა, დავიდევი სქლად გაჭრილზე, ზედ ბამბა დავიდევი და შევიკარი მაგრად. მინდოდა არავისთვის გამემხილა, მაგრამ იმ ღამეს თურმე ქვეშსაგებში შემხსნოდა და სისხლის ტბა დამდგარიყო. რასაკვირველია, გაიგეს, მიაქიმეს და ნახევარი წლის განმავლობაში ტკივილი არ დამცხრომია, ბოლოს მოვრჩი, მაგრამ ძარღვები კი ისე დამისუსტდა, რომ მუხლი მომეღუნა და დავკუტდი. ბევრი მეაქიმეს, მაგრამ არა მეშველა რა. იმ ხანებში მამაჩემი დეპუტატად დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო კომისიაში. დედაჩემმა ურჩია, რომ მეც წავეყვანე ქუთაისში და ექიმებისთვის ეჩვენებინა ჩემი თავი. რადგანაც ფეხის გამართვა არ შემეძლო, ქალის უნაგირზე შემსვეს, ქალივით გადამადებინეს შეხუთული ფეხი და ისე წამიყვანეს. ქუთაისამდე ორი დღის სავალი იყო. გზაში უნაგირზე თურმე ფეხი დამეზილა, შეკრული ძარღვი გამეხსნა. ჩავედი თუ არა ქუთაისში, ფეხი გამემართა. აღარც ექიმი დამჭირვებია და აღარც წამალი".


აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.


აკაკი რომ ჩავიდა პეტერბურგში, იმ დროს უკვე უნივერსიტეტში სწავლობდნენ და უფროსი კურსის სტუდენტებად ითვლებოდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე, ბესარიონ ღოღობერიძე და სხვები.  პეტერბურგის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული აკაკის პირად ცხოვრებასთან, მის შემოქმედებასთან.


1861 წლის იანვარში აკაკი წერს თავის პირველ პოემას ,-„რუსეთუმეს", რომლიდანაც ორი თავი, როგორც ჩანს, ყველაზე უფრო მისაღები ცენზურისათვის, შემდეგ გამოქვეყნდა „ცისკარში".


1861 წლის 19 თებერვალს გამოცხადდა ცნობილი მანიფესტი საგლეხო „რეფორმის" შესახებ და ამ ღირსშესანიშნავ ამბავს აკაკი ეხმაურება ლექსით „მუშური", სადაც უდიდესი სიძლიერით არის გამოხატული ყმა გლეხობის დაჩაგრული მდგომარეობა. ეს ლექსი დაიბეჭდა ორი წლით გვიან „ცისკარში", ჯერ კიდევ მანამდის, სანამ საქართველოში გატარებული იქნებოდა გლეხთა „განთავისუფლების" საქმე. ეს ლექსიც თავის მხრივ წარმოადგენს ერთგვარ სათავეს აკაკის სოციალური პოეზიისა.


თავის პოეტურ შემოქმედებასთან ერთად აკაკი არ ივიწყებს უნივერსიტეტსაც.


1862 წელს აკაკი წერეთელი ჩამოვიდა სამშობლოში.


რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა „წვეროსანს" დიდი სიხარულით დაუხვდნენ მშობლიურ ოჯახში.


გარეგნულად ცივმა და სასტიკმა ეკატერინემ ბევრი ცრემლი დაღვარა უმცროსი, უსაყვარლესი ვაჟის ნახვაზე. მას დიდხანს ჰქონდა გულში ჩახუტებული შვილის ხუჭუჭა თავი.


თავადი როსტომი კიდევ ჭარმაგად იყო. მან დიდის ინტერესით გამოჰკითხა შვილს რუსეთის ამბები, პეტერ ბურგის ცხოვრების ავან-ჩავანი.

სოფელში დიდხანს აღარ დარჩენილა აკაკი. მას გული მიუწევდა გარეთ, -ახალგაზრდა პოეტს სწყუროდა საზოგადოებაში გასვლა, ხალხის გაცნობა, ცხოვრების ფართო ასპარეზზე ფეხის შედგმა.


ის გაემგზავრა ქუთაისში. ქუთაისში აკაკი ხშირად დადიოდა ნიკოლაძისა და ხელთუფლიშვილის ოჯახებში. იგი ძალიან მეგობრობდა ნიკო ნიკოლაძის დებს, მათ შორის კი განსაკუთრებული მეგობრობით იყო დაკავშირებული ანასტასიასთან (ანიჩკასთან). აკაკი ძლიერ უყვარდა ნიკოლაძეების მხიარულ, მეგობრულ წრეში საათობით და ზოგჯერ მთელი დღეობით დარჩენა.

ანიჩკასა და მისი დების, აგრეთვე ხელთუფლიშვილების წრეში აკაკი პოულობდა გულწრფელ მეგობრულ პატივისცემას, პოეზიისა და კულტურის სიყვარულს, სამშობლოსადმი ერთგულებისა და სამსახურის სამაგალითო ნიმუშებს...


1862 წლის ზაფხულის დამლევს აკაკი გაემგზავრა თბილისისაკენ. ბევრი რამ ხიბლავდა და იტაცებდა თბილისისკენ აკაკის გულს, მაგრამ ყველაზე უფრო მას აინტერესებდა მწერლების გაცნობა.


1863 წლის დასაწყისში აკაკი ისევ ემშვიდობება დროებით თავის ქვეყანას და მიემგზავრება რუსეთისაკენ.


1864 წელი აკაკიმ მოსკოვში გაატარა. ამ წლის 24 ივნისით არის დათარიღებული მისი აკროსტიხი „საცოლოს ალბომში". საფიქრებელია, რომ წინა წლის გაზაფხულზე სამშობლოდან რუსეთისაკენ გაბრუნებულმა პოეტმა ერთი ხანი პეტერბურგში გაატარა და უნივერსიტეტს წარუდგინა თავისი საკანდიდატო შრომა „ვეფხისტყაოსნის ორიგინალობის შესახებ".


თავის „თავგადასავალში" აკაკი გვიამბობს: „მოვრჩი თუ არა უნივერსიტეტს, გადავედი მოსკოვში. იქ იმავე წელიწადს დავცოლშვილიანდი".

მისი ცოლი ბაზილევსკის ქალი იყო, ნატალია. ცოლის შერთვის შემდეგ აკაკი წერეთელი საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში და საცხოვრებელ ადგილად ქუთაისი არჩია.


აკაკი წერეთელმა საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამდე, ჯერ კიდევ 1864 წლის მაისში გამოაქვეყნა ლექსი „იმერული ნანინა". პოეტი ხედავდა, რომ ნამდვილი განთავისუფლება კვლავ მომავლის საქმე იყო და ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გაშლილიყო ბრძოლა.


გლეხობის ტანჯული ცხოვრება პოეტმა მრავალჯერ გამოხატა „რეფორმის" შემდეგდროინდელ თხზულებებში. იგი მუდამ გლეხკაცის მწარე ბედზე მოსთქვამდა, თავისი ლექსებით მკითხველს თავისუფლებისათვის ბრძოლისაკენ მოუხმობდა, ხალხის ძალისადმი რწმენას უნერგავდა.


სამოხელეო სამსახურის უარყოფა, მწერლობისადმი თავდადება დიდმა პოეტმა მთელი სიცოცხლე ხალხის კეთილდღეობის მოპოვებისათვის დაუცხრომელ სამსახურს მოახმარა. სამშობლოში ჩამოსვლამდე აკაკი წერეთელი უკვე ჩამბული იყო ბრძოლაში ხალხის განთავისუფლებისათვის და ახლა, საქართველოში დაბრუნებისას, კიდევ უფრო ღრმად მომზადებულმა და მომავლის იმედით შთაგონებულმა, საბოლოოდ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების სამსახური არჩია. მან უარი თქვა სამოხელეო სამსახურზე და მთლიანად ლიტერატურულ ცხოვრებას მიეცა, აქტიურად ჩაება ხალხისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.


მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით.


იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს „ხუმარა", რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907).


ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.


ეროვნული და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში აკაკი წერეთლისათვის მთავარი იარაღი მწერლობა იყო.


აკაკი წერეთელმა ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარების, სრულყოფისა და ხალხში მისი დამკვიდრების დიდ სახალხო საქმეში მეტად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.


უაღრესად დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სალიტერატურო ენის ბუნებრივი განვითარებისათვის თავდადებულ ბრძოლას და დაუღალავ ზრუნვას ხალხისათვის გასაგები საყოველთაო ეროვნული ლიტერატურული ენის გასანვითარებლად და ხალხში დასამკვიდრებლად.


წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.


ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად.


აკაკი წერეთელი ლიტერატურულ-შემოქმედებით მუშაობასთან ერთად უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სკოლების, თეატრების, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა განვითარებას. აკაკიმ დიდი მუშაობა ჩაატარა ახალი ქართული რეალისტური თეატრის აღორძინებისა და განვითარებისათვის.


აკაკი წერეთელი ქუთაისში გამართულ თეატრულ წარმოდგენებში მონაწილეობდა როგორც რეჟისორი და აქტიორი.


აკაკი წერეთელი ქართულ თეატრს დიდ ენერგიას ახმარდა, რადგან მას ძალიან კარგად ესმოდა თეატრის როლი მასების აღზრდის საქმეში. აკაკი მაღალ შეფასებას აძლევდა მსახიობს, მის მოქალაქეობრივ როლს საზოგადოებაში.


აკაკი წერეთელმა დიდი როლი შეასრულა ქართული პერიოდული პრესის განვითარების საქმეში. აკაკი წერეთლის ნაწარმოებები სისტემატიურად იბეჭდებოდა ისეთ ორგანოებში, როგორიც იყო „ ცისკარი", „დროება", „ მნათობი", „კრებული", „ ივერია", „ იმედი", „ შრომა", „ მნობათი", „თემი", „ ნიშადური", „ კვალი", „ ჯეჯილი", „ საქართველო", „ თეატრი", და სხვ. აკაკიმ გამოსცა საკუთარი ჟურნალი „ აკაკის თვიური კრებული". ხანგრძლივად და ნაყოფიერად მუშაობდა აკაკი წერეთელი გაზეთ „დროებაში". როგორც ცნობილია, ეს ორგანო 1866 წელს დაარსდა და უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში. პოეტი ამ გაზეთის თანამშრომელი ხდება 1867 წლიდან და პირველ ხანებში აქ ათავსებდა ლექსებსა და კორესპონდენციებს.


აკაკიმ 1907 წელს გამოსცა იუმორისტული ჟურნალი „ხუმარა". პოეტს მიზნად ჰქონდა დასახული ჟურნალში გაეკიცხა იმდროინდელი საზოგადაოებრივი ცხოვრების უარყოფითი მხარეები. მაგრამ ჟურნალი მეფის მთავრობა, იმის გამო, რომ მასში მხილებული იყო თბილისის გუბერნატორი, პირველი ნომრის გამოსვლისთანავე აკრძალა, ხოლო აკაკი დაატუსაღა. მაგრამ ხალხში პოეტის დიდი პოპულარობის გამო მეფის მთავრობა იძულებული გახდა იგი ერთი ღამის პატიმრობის შემდეგ გაეთავისუფლებინა.


მთელი სიცოცხლის მანძილზე აკაკი დაუღალავად იღვწოდა ხალხური შემოქმედების შეგროვებისა, შესწავლისა და გამოცემისათვის. მისი ინიციატივით დაარსდა ფოლკლორის შესწავლის სპეციალური ფონდი, ხოლო საქართველის საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მან უანდერძა საკუთარი ვენახი და მთელი თავისი უძრავი ქონება, რათა ამ საზოგადოებას შეეკრიბა და გამოეცა ქართული ზღაპრები, ლექსები და საზოგადოდ ზეპირი თქმულებანი.


1889 წელს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებამ აკაკის სიცოცხლის მთელ მანძილზე დაუნიშნა პენსია წლიურად ათას ხუთასი მანეთის რაოდენობით. ამ მოვლენას მხურვალედ გამოეხმაურა მაშინდელი პროგრესული პრესა და მოწინავე საზოგადოებრიობა.


1904 წლის ოქტომბერში, დაძაბული შრომისა და მუდამ შევიწროვებული ცხოვრების შედეგად, აკაკის დამბლა დაეცა. მთელი მოწინავე ქართველი საზოგადოება შეაშფოთა ამ ამბავმა. დეკემბრის ბოლოს აკაკი მომჯობინდა, სიკვდილს გადარჩა, მაგრამ მის მშვენიერ სახეს დაღი დააჩნდა. თვალების ქუთუთოების მოძრაობა შეებოჭა, ფართოდ ვეღარ ახელდა თვალებს. 1905 წლის გაზაფხულზე პოეტი უცხოეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, იმავე წლის სექტემბრის დამდეგს კი ისევ დაბრუნდა სამშობლოში.


1909 წლის ივლისში აკაკი წერეთელი სამკურნალოდ ხელმეორედ გაემგზავრა პარიზში. პარიზში აკაკიმ დაასრულა თავისი პოემა „ვორონცოვი". პარიზშივე დაწერა აკაკიმ სცენები „რეაქცია", რომელშიც გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება 1905 წლის რევოლუციისადმი და მრისხანე გულისწყრომა მეფის ხელისუფლების ბარბაროსული სისასტიკის წინააღმდეგ. 1910 წლის თებერვლის დამლევს აკაკი წერეთელი სამშობლოში დაბრუნდა.


1914 წელს მხცოვანი პოეტი ფიზიკურად დაუძლურდა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ ინტენსიურ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობდა, დაძაბულად მუშაობდა პოემაზე „ომი", უნდოდა იგი სასწრაფოდ დაემთავრებინა.


21 დეკემბერს, შრომით დაღლილი და ფიზიკურად დასუსტებული აკაკი სახლის მოურავმა, კოტე აბდუშელიშვილმა, ქუთაისიდან სხვიტორში ჩაიყვანა. 24 დეკემბერს პოეტს დამბლა დაეცა. ეს ფრიად სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ საქართველოს. ხალხი გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს საყვარელი პოეტის ჯარმთელობის მდგომარეობას. საქართველოს ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ სხვიტორში აკაკის სანახავად. პეტერბურგიდან ჩამოვიდა პოეტის შვილი ალექსი.


1915 წლის 25 იანვარს ავადმყოფს კვლავ ჩაექცა სისხლი ტვინში და ღამის პირველ საათზე აკაკი წერეთელი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner